ახალი ამბები

დროულად აღიკვეთოს სამირა ბაირამობას მიმართ მუქარა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს

21 მარტი, 2022 • 1492
დროულად აღიკვეთოს სამირა ბაირამობას მიმართ მუქარა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შსს-ს, დროულად აღკვეთოს სამირა ბაირამობას მისამართით გახმიანებული მუქარა და სხვა დანაშაულები.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ამ ექსტრემისტული ჯგუფის მიმართ გამოხატული სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და დაუსჯელობა შემაშფოთებელია და ეს უმოქმედობა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაპირობას ქმნის.

„სამირა ბაირამოვას მიმართ პერსონალური, იდენტიფიცირებადი მუქარა, ძალადობრივი შინაარსის მიღმა, ეთნიკური და გენდერული სიძულვილის ნიშნებს შეიცავდა. ამასთან, ორი დღის წინ ამ პარტიის წევრების მიერ მარნეულში ენმ-ის ოფისის წინ დემონსტრაციულად წაკითხული საჯარო მუქარა ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავდა.

დღეს დილით, სავარაუდოდ, ამავე პარტიის წევრებმა, 2 დღის წინ გაჟღერებული მუქარის კვალდაკვალ, გადაღებეს ენმ-ის პარტიის კედლები და სამირა ბაირამოვას სექსისტური შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს. პარტიის წევრები, პროვოკაციულად და განზრახ, სამირა ბაირამოვას პარტია ენმ-ს უკავშირებენ, რაც არასწორია. სამირა ბაირამოვა არასდროს ყოფილა ენმ-ის ან სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი. ის დამოუკიდებელი ადგილობრივი აქტივისტია ქვემო ქართლის რეგიონიდან, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანელი თემის, ასევე ქალების უფლებების დაცვისთვის და მათი საჭიროებების, წუხილების და ინტერესების წარმოჩენისთვის უკვე მრავალი წელია შრომობს და იბრძვის“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

მათივე თქმით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების მიუხედავად, რომ უწყება ყველაფერს გააკეთებს სამირა ბაირამოვას დაცვისა და საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის, კონკრეტულ ვადებში დაანონსებული მუქარის შესრულების პრევენცია პოლიციამ ვერ შეძლო.

„ზოგადად, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ამ ექსტრემისტული ჯგუფის მიმართ გამოხატული სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და დაუსჯელობა შემაშფოთებელია და, ცხადია, ეს უმოქმედობა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაპირობას ქმნის.

აშკარაა, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო 5-6 ივლისს ამ პარტიის ლიდერებს დასჯა მათ მიერ ჩადენილი მასობრივი ძალადობის აქტების გამო და უკვე მიმდინარე დღეებში, უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ, სხვადასხვა რეგიონში მათგან მომდინარე დანაშაულები (ძალადობა, ძალადობის მუქარა, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება) სათანადოდ აღკვეთილი არ არის“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.


14 მარტს სამირა ბაირამოვამ „კონსერვატიული მოძრაობის“ მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მუქარის სამიზნე გახდა.

აქტივისტის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დღის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს.

17 მარტს სამირა ბაირამოვამ, რომელმაც მარნეულში პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს და კვლავ ემუქრებიან.

„ალტ-ინფოს“ ხალხი ჩამოვიდნენ მარნეულში და მემუქრებიან, ორ დღეს მაძლევენ. სასაცილო ისაა, რომ შეეშალათ მისამართი და მივიდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან. თურმე ამბობენ, რომ მე საკრებულოს დეპუტატი ვარ. ნუ შემაშინებთ, სიმართლე გაიმარჯვებს“, — წერდა ბაირამოვა.

20 მარტს სამირა ბაირამოვამ განაცხადა, რომ „ალტ-ინფომ“ მუქარა შეასრულა და მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გარეფასადზე შეუარაცხმყოფელი წარწერები დატოვა.

„ალტ-ინფო თავისი პირველი მუქარა შეასრულეს, მოვიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს! კარგად იციან, რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი და ეს მათი პროვაკაცია! იმედი მაქვს, შსს ესმის, რომ ისინი რამდენად საშიში არიან“, – დაწერა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი