ახალი ამბები

მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დავის დაწყებისთვის კანონმდებლობას ცვლის – “უფლებები საქართველო”

20 მარტი, 2022 • 2411
მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დავის დაწყებისთვის კანონმდებლობას ცვლის – “უფლებები საქართველო”

არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”კანონში ცვლილებების შეტანა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის დაწყებისთვის სურს.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის ავტორებიც მმართველი გუნდის წევრები – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი რატი იონათამიშვილი – არიან. მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაცია თავდაპირველად “პირველმა არხმა” და “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელეს.

“დღეს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ მმართველი პარტია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით… აფართოებს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს კომპეტენციების შესახებ დავას.

…სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმატიული აქტით ხდება ორგანოთა შორის კომპეტენციის დარღვევა, არამედ აგრეთვე მაშინ, როდესაც იგივე შედეგს იწვევს მოქმედება ან/და უმოქმედობა”, – ამბობს ორგანიზაცია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? “უფლებები საქართველოსთვის” აღნიშნულ ცვლილებებს განიხილავს საკონსტიტუციო დავის ფარგლებში, რომლის დაწყებაც მთავრობას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სურს.

თავად კანონპროექტის ავტორების თანახმად, ცვლილებების მიზანია ზემოხსენებული კანონის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციასთან.

რას ედავება “ოცნება” ზურაბიშვილს – მოკლედ

„ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობას ექსკლუზიური უფლებამოსილებები აქვს და პრეზიდენტს ამაში ჩართვა შეუძლია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია.

მათი თქმით, სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. „ოცნების“ თანახმად, ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის დანიშვნაზე უარი არაერთხელ განაცხადა.

გარდა ამისა, „ოცნება“ ყურადღებას ამახვილებს, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს.

მათი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.

“ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში”, – ამბობს “ქართული ოცნება”.

მანამდე, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

რას ამბობს “უფლებები საქართველოსთვის”

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, როცა “ოცნებამ” ხსენებული გადაწყვეტილება გამოაცხადა, “უფლებები საქართველომ” თქვა, რომ მოქმედი კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად არ უნდა მიეღო.

” ”უფლებები საქართველო” ამ შეფასების მომზადებისას დაეყრდნო კანონმდებლობის არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, კომპეტენციების შესახებ დავის დასაწყებად აუცილებელ წინაპირობას საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის გასაჩივრება წარმოადგენს.

პრეზიდენტის მიერ შეხვედრების გამართვასა და ელჩების არდანიშვნას კი, ნორმატიული აქტი არ უდევს საფუძვლად”, – დასძენს ორგანიზაცია.

ახლა, როცა მმართველი გუნდის წევრებმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადეს, “უფლებები საქართველო” ამბობს, რომ “ოცნება” ზემოხსენებული დაბრკოლების “გვერდის ავლას” გეგმავს და ამიტომაც აფართოებს ქმედებების ჩამონათვალს, რომლებიც საფუძვლად შეიძლება დაედოს კომპეტენციების შესახებ დავას.

“საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” საშუალებას მისცემს საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვოს პრეზიდენტის მიერ უკვე განხორციელებული ქმედებითა (ჩატარებული ვიზიტები) და უმოქმედობით (წარდგენილი ელჩების კანდიდატურების დანიშვნაზე უარის თქმა) კონსტიტუციის დარღვევის დადგენა.

“უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების საკითხს.

ამასთან, დაუშვებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის უფლებამოსილებების გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად და სახელმწიფო ორგანოთა/თანამდებობის პირთა დასჯის მექანიზმად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციისთვის ცალსახაა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ინიციირებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები პირდაპირ მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ქმედებებისა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების წინააღმდეგ.

“უფლებები საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებებს და უზრუნველყოს კანონპროექტის განხილვა შესაბამისი ექსპერტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

“ინტერპრესნიუსის” თანახმად, კანონპროექტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი