უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლის დაბომბილი თეატრის შენობიდან 130 ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა ასეულობით მოქალაქე კვლავ ნანგრევებში რჩება – იუწყება CNN.

მარიუპოლი რუს ჯარისკაცებს ალყაში აქვთ მოქცეული და განუწყვეტლივ ბომბამევნ. უკრანული მხარის განცხადებით, სახეზეა ჰუმანიტარული კატასტროფა, რადგან ალყის გამო ქალაქს არ მიეწოდება ელექტრონერგია, გათბობა და საკვები.

მარიუპოლის დრამატული თეატრი ერთ-ერთი შენობაა, რომელსაც ადგილობრივები თავშესაფრად იყენდბენენ. უკრაინული მხარე ალყის გამო დაზუსტებით ვერ ამბობს, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა დაბომბვისას შენობაში, თუმცა ივარაუდება 1000-ზე მეტი.

დაბომბვის შემდეგ ერთ-ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავშესაფარმა ჭურვებს გაუძლო და ქალაქში დარჩენილი მებრძოლები და უწყებები მოქალაქეების გამოყვანას იწყებდნენ, თუმცა რუსული ბომბები ამაში ხელს უშლიდნენ.

კონტექსტი – რატომ არის მარიუპოლი ამ ომში მნიშვნელოვანი ქალაქი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნეტგაზეთთან განმარტავს:

მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და, შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.

მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში, ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს.

შესაბამისად, ამ ქალაქს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.