ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა

18 მარტი, 2022 • 3406
საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, საქართველოში, 2021 წლის IV კვარტალში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.3 პროცენტით (149.1 ლარით) გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, ამჟამად საშუალო ხელფასი 1 463.8 ლარია.

როგორ დგინდება საშუალო ხელფასი?

როგორც საქსტატი განმარტავს, ხელფასების სტატისტიკა ეყრდნობა საწარმოთა კვარტალურად ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ ცნობებს [წლიურად – 18 000-მდე საწარმოსგან].

თუმცა ეს მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი — 500 ლარი გამოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი