ახალი ამბები

ჩინეთის სახელმწიფო არხზე რუსეთის მიერ სამოქალაქოების დახოცვაზე გავიდა სიუჟეტი

17 მარტი, 2022 • 14849
ჩინეთის სახელმწიფო არხზე რუსეთის მიერ სამოქალაქოების დახოცვაზე გავიდა სიუჟეტი

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია, ინგლისურენოვანი CGTN, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთ მაუწყებლობს, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„რუსმა ჯარისკაცებმა დახოცეს, სულ მცირე, ათი სამოქალაქო პირი, რომლებიც ჩრდილოეთ უკრაინაში, ქალაქ ჩერნიგოვში პურის რიგში იდგნენ“, – წერს ტელეკომპანია ტვიტერზე უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კიევში შეერთებული შტატების საელჩოზე დაყრდნობით.

ტელეარხი ასევე ავრცელებს ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალას, სადაც დაღუპულები ჩანან (მათი სახეები დაფარულია). ფაქტი წინა დღეს, 16 მარტს მოხდა.

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა.

Financial Times-ის ცნობით, მას ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კონფიდენციალურად განუცხადეს. აშშ-ის ოფიციალურ პირებს საჯაროდ არ დაუდასტურებიათ ინფორმაცია, თუმცა არაერთხელ განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს დაეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში, ჩინეთს შედეგებისთვის თვალის გასწორება მოუწევს.

თავის მხრივ, ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გავრცელებულ ინფორმაციას არაერთხელ უწოდეს დეზინფორმაცია და აშშ-ს მოუწოდეს „არ დაემუქრონ სანქციებით ჩინეთს, როდესაც მისი მხარდაჭერა სჭირდებათ“.

ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობით დახმარების თხოვნა უარყო რუსეთმაც და განაცხადა, რომ „რუსულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ სრული კონტროლის დამყარება უკრაინის მთავარ ქალაქებზე ჩინეთის დახმარების გარეშე“.

„ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დაგეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად… მდგომარეობაში, რომელიც ახლა გაქვთ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით.

ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება სასიკეთო ძალა უკრაინისთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად“,- უთხრა ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიენჟუნმა, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაქსიმ კოზიცკის. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ CNN ავრცელებს.

ჩინეთის საელჩო უკრაინაში კიევიდან ლვოვში გადავიდა და ამ დროისათვის იქ რჩება.

The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ წერილში უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციაზე ისაუბრა ჩინეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინ განგმაც. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ და რუსეთს მხარს უჭერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი