ახალი ამბები

უსაფრთხოების საბჭოზე უფრო ძლიერი შემადგენლობით 4 დღე-ღამე ვიყავით პრემიერთან შეკრებილები – გომელაური

17 მარტი, 2022 • 1178
უსაფრთხოების საბჭოზე უფრო ძლიერი შემადგენლობით 4 დღე-ღამე ვიყავით პრემიერთან შეკრებილები – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოზე უფრო ძლიერი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრთან ერთად 4 დღე-ღამე იკრიბებოდა. ამის შესახებ მან დღეს, 17 მარტს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

გომელაურს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჰკითხა, როდის შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ბოლოს და რა ფორმატში ესწრებოდა მას პრეზიდენტი.

„საბჭოს ფორმატში შეკრებილი ვიყავით 27 თებერვალს. ქალბატონი პრეზიდენტი არ ესწრებოდა, ესწრებოდა ქალბატონი პრეზიდენტის წარმომადგენელი. განვიხილეთ საკითხები რაც გვქონდა, საფრთხეები რაც იყო. კითხვა იყო, მეორე დღეს რატომ არ შევიკრიბეთ საბჭო. თითქმის 4 დღე, 4 დღე-ღამე ვიყავით პრემიერთან შეკრებილები საბჭო და საბჭოზე უფრო ძლიერი შემადგენლობით და ყველა მიმართულებით განვიხილავდით იმ საფრთხეებს, რაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება დამუქრებოდა“, – განაცხადა გომელაურმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშატაბიანი ომის ფონზე ოპოზიცია რამდენიმე კვირაა მთავრობას მოუწოდებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გაფართოებულ ფორმატში მოიწვიოს. 25 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღესვე კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა „არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“ და „უსაფრთხოების კაბინეტთან“ მუშაობა მისი საქმიანობის ნაწილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი