ახალი ამბები

იზრდება თუ არა საქართველოზე რუსეთის აგრესიის განახლების საფრთხე – გომელაურის პასუხი

17 მარტი, 2022 • 1138
იზრდება თუ არა საქართველოზე რუსეთის აგრესიის განახლების საფრთხე – გომელაურის პასუხი

„საფრთხეები ძალიან ბევრი არსებობს და ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არაფერი მოხდეს“, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას იმის შესახებ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე იზრდება თუ არა რუსეთის საქართველოზე თავდასხმის საფრთხეები.

დღეს, 17 მარტს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მყოფ ვახტან გომელაურს „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჰკითხა:

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ამ ძალიან სასტიკ ომში. მაინტერესებს, როცა ამ ტრიბუნასთან დაბრუნდებით, აუხსნათ საზოგადოებას, რა არის თქვენი მოლოდინი, იზრდება თუ არა საფრთხეები, რომ უკრაინაში დამარცხებული რუსეთი შესაძლოა, განახლებული აგრესიით გამოემართოს ჩვენი ქვეყნისკენ და რას აპირებს თქვენი ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით? ოღონდ, ნუ გვაკადრებთ ტყუილებს, ისეთს, რასაც თქვენი პრემიერი და მმართველი გუნდი ტირაჟირებს, მაგალითად, სანქციებს რომ არ მიუერთდება ჩვენი ქვეყანა.

დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრია ჩამოსული საქართველოში სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ, რადგან შეუძლებელია სანქციების რეჟიმთან სინქრონიზებას ამ ქვეყანამ თავი აარიდოს. ასევე შეუძლებელია, ქვეყნის წინაშე საფრთხეები არ არსებობდეს“, – ჰკითხა სამადაშვილმა გომელაურს.

გომელაურის თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა.

„ქალბატონი სამადაშვილის კითხვა იყო, რა საფრთხეები არსებობს და რა შეიძლება მოხდეს. ქალბატონო სალომე, საფრთხეები ძალიან ბევრი არსებობს და ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არაფერი არ მოხდეს. ჩვენ მაგაზე ვსაუბრობთ ყოველთვის. დეტალებში ვერ ჩავალ, რას ვმუშაობთ, რას ვაკეთბთ, როგორ ვაკონტროლებთ…“, – განაცხადა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი