ახალი ამბებისაზოგადოება

სანამ რუსეთი გზის პროექტზე ისაუბრებს, უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოდან — დეგნანი

17 მარტი, 2022 • 15819
სანამ რუსეთი გზის პროექტზე ისაუბრებს, უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოდან — დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმაურება ჩეჩნეთში კიდევ ერთხელ გახმიანებული ინიციატივას საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ელჩ დეგნანის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებამდე რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

„როგორც მე ვიცი, ეს არის პროექტი, რომელზე საუბარიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო, 1970-იან ან 80-იან წლებში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში: სანამ რუსეთი დაიწყებს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე საუბარს, მანამდე მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რაც 2008 წლის შეთანხმებით ეკისრება და გაიყვანოს [შეიარაღებული] ძალები საქართველოს ტერიტაორიიდან.

ვფიქრობ, რომ თუ რუსეთის გულწრფელობის განსჯა გსურთ, – ნებისმიერი განცხადებისა თუ პირობისა, – შეხედეთ, როგორ ასრულებენ 2008 წლის ვალდებულებებს. მათ არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

ეს საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ წამოიჭრა, რაც 15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროებაზე ისაუბრეს.

კერძოდ, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა განაცხადა, რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის“ და ამ გზას „ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის“.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ ხოლმე.

გირჩევთ ამ საკითხზე ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი