ახალი ამბები

სახელმწიფო საზღვარი არცერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული – გომელაური

17 მარტი, 2022 • 1304
სახელმწიფო საზღვარი არცერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო საზღვარი არცერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული. ამის შესახებ მან დღეს, 17 მარტს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, შსს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რათა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება და გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო საზღვარი არცერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული, მათ შორის არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა შინაგან
საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაური ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან
დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება მესამე ქვეყნებიდან ფიქსირდება.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო
გამტარი პუნქტის, „დარიალის“ გავლით“, – განაცხადა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი