ახალი ამბები

მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს

17 მარტი, 2022 • 1567
მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს.

UNIAN-ის ცნობით, სანდუმ ამის შესახებ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მიერ დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარებაზე საუბრისას.

მანამდე ევროპის საბჭო დნესტრისპირეთს მოიხსენიებდა რუსეთის ფედერაციის „ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფად“.

სანდუს თქმით, ოკუპაციის აღიარება უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდება. მისი თქმით, დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას ყოველთვის ითხოვდა.

„ეს გადაწყვეტილება ეხებოდა უკრაინას და ეხებოდა უკრაინაში არსებულ კონკრეტულ ვითარებას, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ…“ – აღნიშნა მაია სანდუმ.


მოლდოვის მიერ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ისევე როგორც სხვა ბევრ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში, 1992 წელს, მარტის თვეში მოლდოვაშიც, დნესტრისპირეთში დაიწყო სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი. შეიარაღებული კონფლიქტი ივლისის თვეში დასრულდა სამხრივი შეთანხმებით (მოლდოვა, დნესტრისპირეთი, რუსეთი), რის შემდეგაც მოლდოვაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტი განთავსდა და დღემდე რჩება. დნესტრისპირეთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა, რომელსაც გაეროს არცერთი წევრი სახელმწიფო არ აღიარებს. რეგიონში კონფლიქტი გაყინულად ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი