ახალი ამბები

თუ პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო, ეს ღიად თქვას – „ოცნება“

15 მარტი, 2022 • 1091
თუ პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო, ეს ღიად თქვას – „ოცნება“

„ქართული ოცნების“ განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელი განცხადები რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საფრთხის შემცველია. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტაბსჭოს სხდომის შემდეგ გარცელებულ ვრცელ განცხადებაშია საუბარი.

„ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამბედაობა გამოიჩინოს და თუ გულისხმობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო,  ეს ღიად თქვას.

მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს.

„საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.

ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს“, – აცხადებს „ოცნება“.

„ქართული ოცნების“ თქმით, ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა და ამიტომ პრეზიდენტის კრიტიკა მათთვის გაუგებარია.

„თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს.
არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება“, – აცხადებს „ოცნება“.


საქართველოს მთავრობა აპირებს, საკონსტიტუიციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ დავა დაიწყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო.

პარტიის განცხადებით, „საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 მარტს, პარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა. მან გააკრიტიკა პარლამენტი და თქვა, რომ დღეს საზოგადოება პარლამენტარებზე ფხიზელი და შეგნებულია.

მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის მიმართ მოქალაქეებმა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ერთიანობა გამოავლინეს. ამასთანავე, აღნიშნა, რომ უკრაინის დამსახურებაა „დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი“.

პრეზიდენტი დასძენს, რომ დღეს ყველასთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, გარდამტეხი მომენტია, რადგან, გამოწვევებთან და ომებთან ერთად, ასეთ მომენტებს შესაძლებლობებიც მოაქვთ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას, დღეს, 14 მარტს ისაუბრა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველო არ შეუერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საქართელოს ხელისუფლება არასაკმარისი მხარდაჭერისა და საჯარო განცხადებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკრიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი