ახალი ამბები

Pfizer: რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადავრიცხავთ

14 მარტი, 2022 • 1333
Pfizer: რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადავრიცხავთ

ფარმაცევტული კომპანია Pfizer აცხადებს, რომ წყვეტს რუსეთში კლინიკურ კვლევებს, ხოლო ქვეყნიდან მიღებულ შემოსავალს სრულიად გადაურიცხავს უკრაინას.

ოფიციალურ განცხადებაში კომპანია ამბობს, რომ მხარს უჭერს იმ საჯარო თუ კერძო ინიციატივებს, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში.

„საერთაშორისო თანასაზოგადოებამ რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა. თუმცა, ჰუმანური მიზეზების გამო, მედიკამენტების მიწოდება სანქციებმა არ მოიცვეს. Pfizer-ში გადავწყვიტეთ, რომ რუსეთში მედიკამენტების მიწოდების ნებაყოფლობითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენს უმთავრეს პრინციპს – პაციენტის პირველ ადგილზე დაყენებას. წამლების მიწოდების ნაკადის შეწყვეტა, რომელიც ასევე მოიცავს კიბოსა და გულსისხლძარღვთა მკურნალობას, გამოიწვევს პაციენტთა ტანჯვას და პოტენციურად – მათ დაღუპვას. მათ შორის, მოხუცებსა და ბავშვებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანია განმარტავს, რომ ზემოხსენებულის მიუხედავად, რუსეთში „ბიზნესს ჩვეულ რეჟიმში არ გავაგრძელებთ“. Pfizer ამბობს, რომ დღეიდან რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს სრულიად მოახმარს უკრაინის მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას. პარალელურად კი, რუსეთში კლინიკურ კვლევებს წყვეტს.


უკვე მე-19 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა.ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.https://netgazeti.ge/news/599615/

მასალების გადაბეჭდვის წესი