ახალი ამბები

გარკვეული გულდაწყვეტა მაქვს — ვოლსკი ზურაბიშვილზე

14 მარტი, 2022 • 1685
გარკვეული გულდაწყვეტა მაქვს — ვოლსკი ზურაბიშვილზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე “გულდაწყვეტა აქვს”.

ამის შესახებ მან პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

“გარკვეული გულდაწყვეტაც მაქვს, რასაკვირველია… ანგარიშს არ ჰქონდა სტანდარტული ფორმა. სალომე ზურაბიშვილს არ ულაპარაკია მისი საქმიანობის შესახებ. მის აქტივობებსაც ძალიან ზედაპირულად შეეხო. ამასთან დაკავშირებით კრიტიკა და პრეტენზიები არ არის საჭირო. რაც ილაპარაკა, გამომდინარეობს იქიდან, რა მდგომარეობაც არის შექმნილი რეგიონში და მსოფლიოში.

ვფიქრობ, რომ უფრო მეტად დრო წაიღო იმან, რომ ორივე მხარისთვის შენიშვნები მიეცა. თავისი ზეპარტიულობის ხაზგასმა უფრო მეტად იყო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 14 მარტს, პარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა. მან გააკრიტიკა პარლამენტი და თქვა, რომ დღეს საზოგადოება პარლამენტარებზე ფხიზელი და შეგნებულია.

მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის მიმართ მოქალაქეებმა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ერთიანობა გამოავლინეს. ამასთანავე, აღნიშნა, რომ უკრაინის დამსახურებაა „დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი“.

პრეზიდენტი დასძენს, რომ დღეს ყველასთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, გარდამტეხი მომენტია, რადგან, გამოწვევებთან და ომებთან ერთად, ასეთ მომენტებს შესაძლებლობებიც მოაქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი