ახალი ამბები

არაკონსტიტუციურია, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტები გააუქმებინა – ბეჟაშვილი

14 მარტი, 2022 • 1198
არაკონსტიტუციურია, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტები გააუქმებინა – ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის ევროპაში ოფიციალურ ვიზიტებზე უარის თქმა არის არაკონსტიტუციური.

სიტყვით გამოსვლაში ბეჟაშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლება და თქვა, რომ სხვა პრობლემებთან ერთად,  ბოლო წლებში მან წაახალისა სიძულვილი, ხოლო უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია არ ახსენა.

„და დღეს გავიგეთ მართლაც სკანდალური განცხადება პრეზიდენტის –  ისეთი ვითარება გვაქვს საგარეო ასპარეზზე, რომ პრეზიდენტი მიემგზავრება კონსულტაციებზე ევროპელ ლიდერებთან, რათა ევროინტეგრაციაში საქართველოს დაჩქარებული მიღების პროცედურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს და მას თანხმობას არ აძლევს პრემიერი.

ეს არის კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევა, ეს არის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა და, მე ვფიქრობ, ნორმალურ ქვეყანაში ეს იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური სკანდალის და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი. სულ მცირე, პრემიერმა უნდა განმარტოს, რის საფუძველზე არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს ამ ვიზიტის განხორციელებისა“, – ამბობს ბეჟაშვილი.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია:

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.


სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტის სიტყვით მიმართა. გამოსვლაში, რომელიც არაერთი თვალსაზრისით აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მან ასევე თქვა, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ევროპაში ოფიციალური ვიზიტები გააუქმებინა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი