ახალი ამბები

ინჯია ზურაბიშვილს საგარეო პოლიტიკაში ჩარევისთვის აკრიტიკებს

14 მარტი, 2022 •
ინჯია ზურაბიშვილს საგარეო პოლიტიკაში ჩარევისთვის აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ ჩართული იყოს საგარეო პოლიტიკის წარმოებაში.

„აქ გამოითქვა მის მიერ უკმაყოფილება, რომ იგი იმყოფებოდა ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირებს, პრეზიდენტებს, და უნდოდა, რომ პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობის შედეგების შესახებ.

ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს აღარ არის.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა და მას, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამასთან შეხება არ აქვს და თუ ამ საკითხებით მიდის (უცხოეთში), მაშინ პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობასა და პარლამენტს, იმათ, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.

თუ იქნება ეს შეთანხმებული შესაბამის ინსტიტუტებთან, რომელთაც ეხება საგარეო პოლიტიკა, მაშინ უფრო ქმედითუნარიანი იქნება მისი ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დღეს, 14 მარტს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები გააკრიტიკა.

საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად  საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი შემდეგია:

1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

კონსტიტუციის 54-ე მიხლის მიხედვით:

პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;

მასალების გადაბეჭდვის წესი