საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები“, რომლებიც საქართველოში ეთნიკურ დისკრიმინაციაზე აპელირებს.
მისი განცხადებით, სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს ქვეყნის დაყოფის, რეპუტაციის შელახვისა და პანიკის მიზეზი.
„დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებს.
ამის ნაცვლად ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც მიმართული იქნება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ.
კობახიძის თანახმად, ეთნიკური შუღლის გაღვივებას „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს.