ახალი ამბები

მინისტრი: აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ

13 მარტი, 2022 • 2986
მინისტრი: აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერას შეძლებენ და ბრენდს ვერ მიუთითებენ. მინისტრის თქმით, ამრიგად, პაციენტს ექნება შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს რომელი ქვეყნის წარმოებული და ბრენდის მედიკამენტი შეიძინონ.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, გამჭვირვალე ბაზარი და სამართლიანი ფასების დაწესება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით უწყებას სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული:

„პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. მომდევნო ნაბიჯია ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც ძალაში 1- ლი
მარტიდან შევიდა. ამით, ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა.

ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი. ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა უწყებიდან გამომგზავნილი რელიზის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი