უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იცის, ვინ დაუჭირა ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხარი ვერსალში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე. ამის შესახებ მან დღეს, 11 მარტს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“გუშინ გაიმართა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ხანგრძლივი და არსებითი. ჩვენ ვიცით, რას საუბრობდნენ ამ შეხვედრაზე ლიდერები, კონკრეტულად ვინ ამბობდა, რომ მხარს გვიჭერდა, ვინ იყო ჩუმად და ვინ ცდილობდა, რომ [განცხადების] ფორმულირება არასაკმარისი ყოფილიყო უკრაინისთვის, ევროპისთვის და ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. როგორ ვაფასებთ მიღებულ გადაწყვეტილებას? ძალიან მარტივად. უფრო ძლიერი უნდა იყოს. ეს ის არ არის, რასაც ველით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, აუცილებელია, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილება ემთხვეოდეს ევროპელი ხალხის განწყობას:

“ჩვენ ვიცით ეს განწყობა, მათ [ლიდერებმა] იციან ეს განწყობა. ყველა პოლიტიკოსმა კარგად იცის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რიცხვები ერთნაირი არ არის, მაგრამ არის გამოკითხვები, არის დიდი მხარდაჭერა. სულ მცირე 60% თანახმაა. ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა, რომ უკრაინა ევროპის ნაწილი იყოს. ევროპელები ამას გარკვევით ამბობენ. ევროკავშირის ლიდერების გუშინდელი შეხვედრის გადაწყვეტილება ახლა ევროკომისიის დონეზე გადადის. რეალიზაციისთვის, კონკრეტული პროცედურებისთვის, ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს ჩვენთვის, უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვის. ჩვენ ამას ველით”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ „აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპული არჩევანს“ და აღნიშნავს, რომ მისი წევრობის განაცხადი ევროკომისიას სწრაფად გაეგზავნა დასკვნის მოსამზადებლად. ეს განცხადება ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი შეხვედრის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომ ევროკომისია შეფასებასაც სწრაფად მოამზადებს.

ევროკომისიის შეფასების საფუძველზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და წევრობის მოლაპარაკებების დაწყება ხანგრძლივი პროცესია.

განცხადების ცალკე პუნქტში აღნიშნულია, რომ ევროპულმა საბჭომ მოიწვია კომისია, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვის და საქართველოს განაცხადების შესახებ.

ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს – რა გადაწყვიტეს EU-ს ლიდერებმა?