საზოგადოება

ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს – რა გადაწყვიტეს EU-ს ლიდერებმა?

11 მარტი, 2022 • 2200
ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს – რა გადაწყვიტეს EU-ს ლიდერებმა?

ევროკავშირი „აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპული არჩევანს“ და აღნიშნავს, რომ მისი წევრობის განაცხადი სწრაფად გაეგზავნა ევროკომისიას დასკვნის მოსამზადებლად.

ევროკომისიის შეფასების საფუძველზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და წევრობის მოლაპარაკებების დაწყება ხანგრძლივი პროცესია. ვერსალში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი შეხვედრის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომ ევროკომისია შეფასებასაც სწრაფად მოამზადებს.

„ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით. 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, საკუთარი ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, წარადგინა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ დაუყოვნებლივ იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. ამის მოლოდინში და გადავადების გარეშე, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ცალკე პუნქტში აღნიშნულია, რომ ევროპულმა საბჭომ მოიწვია კომისია, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვის და საქართველოს განაცხადების შესახებ.

ამასთან, ევროკავშირი მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო აგრესია, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.

„რუსეთს და მის თანამზრახველ ბალორუსს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ამ აგრესიულ ომზე და შესაბამისი პირები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების განურჩევლად დამიზნებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ“, — აცხადებს ევროკავშირი და, ამავდროულად, მოუწოდებს უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ არ დატოვებს უკრაინელს ხალხს მარტო, გააგრძელებს კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ასევე, მიიღებს ლტოლვილებს.

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის შეტევა შეწყდება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და მზად ვართ, სწრაფად გადავიდეთ შემდგომ სანქციებზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რომლის ქვეყანაც მხარს უჭერდა უკრაინის გაწევრიანებას დაჩქარებულ საფუძველზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

„ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციაზე“, — დაწერა მან.

Politico წერს, რომ მიუხედავად იმისა ლიეტუვის პრეზიდენტი შეეცადა, ვერსალის შეხვედრის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გარღვევად წარმოეჩინა, ეს ზოგადი „დიახ“ [უკრაინის გაწევრიანებაზე] არასოდეს ყოფილა დიდი ეჭვის ქვეშ.

„სპეციფიკური დეტალები ბიუროკრატიული ენაში ჩაიკარგა. უკრაინის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ლიდერების განცხადებაში მითითებულია ევროკავშირის ხელშეკრულებების „რელევანტური დებულებები“. ამან საშუალება მისცა ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის წევრობის მცდელობას, იზეიმონ ერთგვარი გამარჯვება, რადგან ხელშეკრულებები ადგენდნენ ბლოკში გაწევრიანების პროცედურას. მაგრამ ხელშეკრულებები, ასევე, ადგენენ ბევრ სხვა რამეს — მათ შორის, წევრობის კრიტერიუმებს და იმ ფაქტს, რომ ქვეყნებს შეუძლიათ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ყველა არსებული წევრის ერთსულოვანი თანხმობით“, — წერს Politico.

ვერსალის შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის სწრაფი გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს რიგმა ლიდერებმა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თქვა, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცედურა არ არსებობს.

„ეს არის ერთწლიანი პროცედურა. ჩვენ უნდა შევხედოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლევადიან პერიოდში“, – თქვა რუტემ და დასძინა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებიც, რომლებსაც ის ესაუბრა, ფიქრობენ, რომ არ უნდა იჩქარონ.

ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყნის, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, არ შეუძლიათ, უკრიანის მოქალაქეებს შთაბეჭდილება შეუქმნან, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს ერთ ღამეში”.

საფრანეგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, ევროკავშირი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანების პროცედურის დაწყებას შეძლებს. თუმცა, მაკრონის თქმით, უსამართლობა იქნებოდა კარის დაკეტვა და თქმა, რომ ეს არასოდეს მოხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი