ახალი ამბები

„ოცნება“ EU-ში ინტეგრაციისთვის შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნებას საჭიროდ არ მიიჩნევს

11 მარტი, 2022 • 1780
„ოცნება“ EU-ში ინტეგრაციისთვის შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნებას საჭიროდ არ მიიჩნევს

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დაწერის მიუხედავად, შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდებიან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის აუცილებელია არა შარლ მიშელის შეთანხმების, არამედ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

„19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს, მათ შორის, ის ანულირებულია ოპოზიციის მხრიდან. ამ შეთანხმების რეანიმაცია არ მოხდება და შეუძლებელია.
ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ ჰქონია ევროკავშირში ინტეგრაციასთან, ეს გახლდათ პარტიებს შორის შეთანხმება საქართველოში და არა საქართველოსა და ევროკავშირის შეთანხმება.

რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, ამისთვის არსებობს ასოცირების შეთანხმება, სადაც ყველა საკითხია, მათ შორის ის, რაც სასამართლოს შეეხება. სწორედ ასოცირების შეთანხმება არის ის ძირითადი პლატფორმა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ჩარჩოა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე ვერანაირი გზავნილი იქნება.

„შარლ მიშელის შეთანხმება არ იყო საქართველოს შეთანხმება ევროკავშირთან. ეს იყო ქართული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება ერთმანეთთან. შესაბამისად, ეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ვერანაირი გზავნილი ვერ იქნებოდა“, — განაცხადა სამხარაძემ.

3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დაწერა. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას მიაჩნიათ, რომ განაცხადის დაწერის შემდეგ „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც ქართულ პარტიებს შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მედიატორობით, 2021 წლის აპრილში შედგა. თუმცა თავდაპირევლად შეთანხმებას არ შეუერთდა ენმ, მოგვიანებით, როცა ენმ-მ შეერთება გადაწყვიტა, მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი