papuashvili

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირიმა უკრაინასთან ერთად მწვანე შუქი საქართველოსა და მოლდოვასაც აუნთო.

ამის შესახებ მან დღეს, 11 მარტს, ვერსალში შეკრებილი ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყტვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„რისი იმედიც გაჩნდა, არის ის, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. აჩქარება იმ კუთხით, რომ აქაც არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც ფიზიკურად დროში ვერ შემცირდება – საჭიროა მდგომარეობის შესწავლა, კანონმდებლობის მიღება. მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრა და მწვანე შუქია ანთებული ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის.

ფაქტობრივად, ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, სადაც 2024 წელს უნდა ვყოფილიყავით, როცა განაცხადს გავაკეთებდით. ეს არის მთავარი მიღწევა, რომ რამდენიმე წლით აქეთ გადმოწია ამ მდგომარეობამ და გადავედით იმ პროცესზე, როდესაც რეალური საუბარი ხდება, როგორი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების თუ გაწევრიანების პროცესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირი „აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპული არჩევანს“ და აღნიშნავს, რომ მისი წევრობის განაცხადი ევროკომისიას სწრაფად გაეგზავნა დასკვნის მოსამზადებლად.

ევროკომისიის შეფასების საფუძველზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და წევრობის მოლაპარაკებების დაწყება ხანგრძლივი პროცესია. ვერსალში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი შეხვედრის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომ ევროკომისია შეფასებასაც სწრაფად მოამზადებს.

განცხადების ცალკე პუნქტში აღნიშნულია, რომ ევროპულმა საბჭომ მოიწვია კომისია, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვის და საქართველოს განაცხადების შესახებ.

ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს – რა გადაწყვიტეს EU-ს ლიდერებმა?