რუსეთი გეგმავს დაფინანსების შემცირებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონებისთვის. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა რუსულ სამთავრობი მედია TASS-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვოლვაჩი 9 მარტს სოხუმში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელობას.
მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მათ მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები „დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფორმატზე გადავლენ, რაც რუსულ სუბსიდიებზე დამოკიდებულებას შეამცირებს”.
„გასულ წელს ჩვენ დავფიქრდით, ვისაუბრეთ რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან და დავასკვენით, რომ უკვე დამთავრდა დახმარების პირველი ეტაპი, როდესაც უბრალოდ შეგვეძლო მიგვეცა ფული, განგვევითარებინა იქ ინფრასტრუქტურა. რაც შეიძლებოდა მიგვეღო ამ ეტაპისგან ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით, მივიღეთ“, – განაცხადა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მომდევნო სამ წელიწადში თანდათან შემცირდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებზე რუსეთის თანადაფინანსების წილი.
ამასთან, ვოლვაჩი აცხადებს, რომ მათ მიერ ოკუპირებულმა რეგიონებმა თავიანთი ბიუჯეტების გასაზრდელად ინვესტიციები უნდა მოიზიდონ, რისთვისაც რეგულაციები უნდა გაამარტივონ და საინვესტიციო გარემო გააუმჯობესონ.
