შოთა დიღმელაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას პროტესტის ნიშნად კვერცხები ესროლა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.
დაკავებამდე დიღმელაშვილმა „ფეისბუკში“ ჩართული პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა „ჩაგვრისა და კოლაბორაციის“ სიმბოლო იყო, რის გამოც სიმბოლურად ესროდა კვერცხებს.
7 მარტს ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს სხვა აქტივისტებიც.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ კვერცხის ქუჩაში დაგდება, დანაგვიანებად ითვლება და ფულადი ჯარიმით ისჯება, პროტესტის დროს იგივე ქმედება კი პატიმრობით:
„უნდა ისჯებოდეს თუ არა შენობისთვის კვერცხის სროლა, როგორც პროტესტის ფორმა (რომელიც არც შენობას და არც სხვას არ მოხვედრია) პატიმრობით. არა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, სწორედ ამ ქმედებისთვის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა. თუ კვერცხის ქუჩაში დაგდება, როგორც ნარჩენის/ნაგვის გადაგდება ჯარიმით ისჯება (80 ლარით), პროტესტის დროს იგივე ქმედება რატომ უნდა იწვევდეს პატიმრობას.
პოლიცია ისევ იყენებს ნაცად მეთოდს, აქტივისტის ქმედებას აფორმებს ,,პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად“. იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნის არსებობის ფაქტიც კი არ მოწმდება სასამართლოს მიერ, პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძველი უკვე სახეზეა.
ამას მხოლოდ კოდექსის შესვლაც არ უშველის“ – წერს იურისტი.