უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის- ერთი ბავშვი, და დაშავდა 17, მათ შორის -ფეხმძიმე ქალები. მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, გუშინ, 9 მარტს სამშობიაროზე შეტევა მიზანმიმართულად განხორციელდა.

მიზანმიმართული შეტევის შესახებ BBC-თან საუბრობს მარიუპოლის მერი, სერგეი ორლოვი:

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაწესებულების შესახებ იცოდნენ. ეს მესამე საავადმყოფოა, რომელიც ქალაქში დაანგრიეს”, – განაცხადა ორლოვმა.

მისი თქმით, წინა დღეებში დაბომბვის შედეგად მარიუპოლში 300-საწოლიანი კოვიდ-კლინიკა და სისხლის შემგროვებელი ცენტრი განადგურდა. ორლოვი დარწმუნებულია, რომ კლინიკებზე თავდასხმა მათ მიზანს წარმოადგენდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 18 სხვადასხვა თავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის დაწესებულებებზე.

BBC-ის ცნობით, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა კლინიკებიდან გაიყვანეს პაციენტები და გაიტანეს აღჭურვილობა და საბრძოლო პოზიციები შექმნეს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადის.

მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო გუშინ, 9 მარტს დაიბომბა.

რუსეთმა მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბა, დაშავდნენ პაციენტები და პერსონალი — უკრაინა