საზოგადოება

რუსეთმა მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბა, დაშავდნენ პაციენტები და პერსონალი — უკრაინა

9 მარტი, 2022 • 2404
რუსეთმა მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბა, დაშავდნენ პაციენტები და პერსონალი — უკრაინა

9 მარტს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს. მათი ინფორმაციით, დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაშავებული ორსული ქალი, რომელიც ადგილიდან საკაცით გაჰყავთ. კადრების თანახმად, შენობა ძლიერ დაზიანებულია.

უკრაინის ცნობით, დაშავებულია 17 პირი, რომელთა შორისაც არის როგორც საავადმყოფოს პერსონალი, ისე — პაციენტები. უკრაინული მედია იუწყება, რომ აფეთქებები სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის, ეზოში მოხდა.

დონეცკში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პავლო კირილენკოს თქმით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა “მადლობა ღმერთს, ნულია”.

“იმედი მაქვს, ასეც დარჩება”, — დასძინა მან.

მისივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად არავის დაღუპვა არ დადასტურებულა. Interfax Ukraine-ის მიხედვით, კირილენკომ ასევე თქვა, რომ ავიადარტყმა იმ პერიოდში განხორციელდა, რომელზეც რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ვრცელდებოდა.

მარიუპოლის მერიის თანახმად, ავიადარტყმამ “კოლოსალური ზიანი” გამოიწვია. უწყებამ გაავრცელა კადრებიც, რომელშიც საავადმყოფოს დამწვარი განყოფილებები და დამწვარი ავტომანქანები ჩანს.

მარიუპოლში მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ.

“ადამიანები, ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ. ბოროტმოქმედება!

როდემდე იქნება სამყარო ამის თანამონაწილე ტერორის იგნორირებით? ახლავე დახურეთ ცა! შეწყვიტეთ მკვლელობები!

თქვენ გაქვთ ძალაუფლება, მაგრამ თითქოს კარგავთ ადამიანობას!” — აღნიშნა მან.

უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე ნატო უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.

მარიუპოლის საავადმყოფოსთან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი ბომბის “ნაკვალევი”

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის , ბორის ჯონსონის თქმით, მისი მთავრობა პასუხს აგებინებს პუტინს “მის საშინელ დანაშაულებზე”.

“ცოტა რამ არის დაუცველის მიზანში ამოღებაზე უფრო ამორალური”, — წერს ჯონსონი “ტვიტერზე”.

მარიუპოლი რამდენიმე დღეა, რუსეთის ძალების მიერ არის გარშემორტყმული. ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა ადგილიდან გაეყვანათ, წარუმატებლად დასრულდა. თავად მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

რუსეთის მხრიდან ქალაქის დაკავების სწრაფვისა და დაბომბვების ფონზე, მარიუპოლში წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის დეფიციტია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი