ახალი ამბები

კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ხელოვნების მუზეუმზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას

9 მარტი, 2022 • 1069
კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ხელოვნების მუზეუმზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას.

თემატური მოკვლევის ჯგუფის შესაქმნელად პარლამენტს პეტიციით საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრები ითხოვდნენ, რომ პარლამენტს გამოეყენებინა რეგლამენტით მინიჭებული თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის უფლებამოსილება ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თუმცა, დღეს, 9 მარტს, გამართულ კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ პეტიციაში აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის შეკითხვის გამოყენება შეიძლება, თემატურის ჯგუფის შექმნა კი მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

მისივე თქმით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ხელოვნების მუზემთან დაკავშირებულ კითხვებს „სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები გასცა“.

„ჩვენი შეკითხვა გადაეგზავნა კულტურის სამინისტროს და ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საჭირო არ არის დამატებითი კომისიის შექმნა, რადგან ამომწურავია პასუხი იმ თემებზე, რაც დაყენებული იქნა. დაინტერესებულ დეპუტატებს აქვთ უფლება მიმართონ ცალკე და კიდევ დამატებითი დოკუმენტები მოიძიონ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კულტურის კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საინიციატივო ჯგუფის წევრი სულხან სალაძე. სალაძე კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვდა, სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცემოდა, რათა თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის საჭიროება განემარტა. მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს სხვა ტრიბუნა არ აქვთ და მათთვის ყველა კარი ჩაკეტილია.

„აქ საერთოდ სხვა საკითხე იყო საუბარი.  თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე იყო საუბარი და არა იმაზე, დეპუტატები გამოიყენებდნენ თუ არა შეკითხვის დასმის უფლებას. ჩვენ ეს პეტიციით არ მოგვითხოვია და ეს დეპუტატების გადასაწყვეტია. კულტურის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება სრულიად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა სულხან სალაძემ.


საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმისთვის აცხადებს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მუზეუმთა გაერთიანების „არათანმიმდევრული, უკანონო მოქმედებების შედეგად, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა და იქ დაცული კოლექციები საფრთხეშია“.

მათი თქმით, 2021 წლის 3 დეკემბერს საზოგადოებამ ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ მიმდინარე მძიმე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის „შეუთავსებელი პროცესების მორიგი ლუსტრაცია იხილა“, როდესავ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ „ბუნდოვანი და არაფრის მთქმელი“ ინფორმაცია მიაწოდა დეპუტატებს.

საინიციატივო ჯგუფი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ არ ინტერესდება სამინისტრო მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანების შეუსრულებლობით, რომლის მიხედვით შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის მიზნით მართვის განსაკუთრებული რეჟიმი იქნა შემოღებული და შესაბამის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ბრძანების თანახმად, პროცესი 2021 წლის 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 2022 წლის 5 თებერვლისთვის დასრულებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი