ევროკომისია ამბობს, რომ წარადგენს რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირების ეტაპობრივ გეგმას, რომლის თანახმადაც, ერთ წელიწადში რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შემცირდეს.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირის გაზის მოხმარებაში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის წილი 40%-ია.
ამ რიცხვის სწრაფად შემცირება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფრანს ტიმერმანსის თანახმად, ნიშნავს, რომ „ჩვენ ვიცავთ ჩვენს სასიცოცხლო ინტერესს“.
მისი თქმით, გეგმა, რომელსაც ევროკომისია 8 მარტს წარადგენს, მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, ხოლო „რამდენიმე წელიწადში“ მისცემს საშუალებას, შეწყდეს იმპორტი რუსეთიდან“.
„ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია“, – განაცხადა მან.
ევროკავშირი გაზის დაახლოებით 40%-სა და ნავთობის 30%-ს რუსეთისგან იღებს. ამ რესურსის ჩანაცვლება ევროკავშირის ქვეყნებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.
ამჟამად შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად განიხილავს, როგორ ჩამოაშოროს დასავლეთი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას.
თუმცა გერმანიამ და ნიდერლანდებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ვერ აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი. „ამ დროისათვის, ევროპის … მომარაგება სხვა გზით ვერ შეივსება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია დასავლეთს აფრთხილებს, – იმ შემთხვევაში, თუკი აკრძალავენ რუსული ნავთობის იმპორტს, რუსეთი გადაკეტავს გერმანიისკენ მიმავალ გაზსადენს, ნორდ სტრიმ 1-ს.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა 7 მარტს განაცხადა, რომ დასავლეთის ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს „კატასტროფულ შედეგებს“ გლობალური მიწოდების ქსელში და გამოიწვევს ნავთობის ფასის გაორმაგებას ბარელზე 300 დოლარამდე.
ეს დისკუსიები 24 თებერვლის შემდეგ გამწვავდა, – მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა.
ამაზე პასუხად ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მკაცრი სანქციები დაუწეეს რუსეთს, თუმცა უკრაინა მოკავშირეებისგან მეტ დახმარებას ელის.
ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, თეთრი სახლი განიხილავს რუსული ნავთობის ემბარგოს ევროპელებისგან დამოუკიდებლად. აშშ-ის მთლიან მოხმარებაში რუსული ნავთობი 8%-ს შეადგენს. არ არის გამორიცხული, ვაშინგოტნმა უახლოეს დღეებში მოუხსნას სანქციები ვენესუელას იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა მეტი ნავთობის წარმოება და გაყიდვა შეძლოს.