ახალი ამბებიეკონომიკა

ბენზინი კიდევ უფრო გაძვირდება – ვანო მთვრალაშვილი

8 მარტი, 2022 • 2894
ბენზინი კიდევ უფრო გაძვირდება – ვანო მთვრალაშვილი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დირექტორის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, მსოფლიოში ნავთობისა და საწვავის ფასი „დრამატულად“ იზრდება, რაც უკრაინაში ომითაა გამოწვეული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საწვავზე ფასები, საშუალოდ, დაახლოებით 20-30 თეთრითაა გაზრდილი, თუმცა, მისი განცხადებით, ფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება, მაგრამ რთულია იმის თქმა, რამდენით.

„პირველი თებერვლიდან დღემდე, ერთ ტონა ბენზინზე ფასი გაზრდილია 325 დოლარით, რაც არის 38-პროცენტიანი მატება. დიზელის საწვავზე ფასი გაზრდილია 473 დოლარით, რაც არის 60-პროცენტიანი მატება.

ეს არ არის უმნიშვნელო მატება. ასეთი მასშტაბის მატება ისტორიულად არასოდეს დაფიქსირებულა“, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ბენზინის ფასის მატებაზე გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის გაუფასურება და შავ ზღვაში ომის გამო საზღვაო გადაზიდვების გაძვირება.

„მეორე საკითხია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 50 თეთრით გაუფასურდა.

კიდევ ერთი ფაქტორია საზღვაო გადაზიდვების ფასი. შავ ზღვაში ომია, რა დროსაც გადაზიდვა დამატებით რისკებთანაა დაკავშირებული. ასევე, დიზელის საწვავის მოწოდება ფაქტობრივად აღარ ხდება.

ეს მოცემულობა იწვევს იმას, რომ ფასები კიდევ უფრო, მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – აცხადებს იგი.

მისი განცხადებით, არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, რაც იმითაა გამოწვეული, რომ პირველ შემთხვევაში კომპანიებს, დიდი ქსელებისგან განსხვავებით, საწვავის მარაგები არ აქვთ.

ამჟამად „რეგულარის“ ტიპის საწვავი, საშუალოდ, 3.26-3.31 ლარი ღირს, „პრემიუმი“- 3.37-3.45 ლარი, ხოლო „სუპერი“ – 3.45-3.49 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი