ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოში რუსების მასობრივად ჩამოსვლის საფრთხეებზე საუბრობს

7 მარტი, 2022 • 4265
სააკაშვილი საქართველოში რუსების მასობრივად ჩამოსვლის საფრთხეებზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2012 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსვლის საფრთხეებზე საუბრობს.

სააკაშვილი ამბობს, რომ მხარს უჭერს „ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას“, რასაც სჭირდება ძალიან დიდი მობილიზაცია ქუჩებში და პარლამენტის შიგნითაც.

„ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, თუნდაც რუსების შემოსევის შესაჩერებლად და ასევე, ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და რეპუტაციის გადასარჩენად. ასევე, ქვეყნის სრული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად ამ მოთხოვნაზე უნდა დავითანხმოთ “ქართული ოცნების” რაღაც ნაწილი მაინც. ჩვენ მარტო მაშინ შევდგებით საბოლოოდ ერად, თუ “სილქნეტის” მეხსიერება არ გვექნება. ჰოდა, გადაახვიეთ ცოტა უფრო უკან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების მიმტაცებლების განცხადებებია და გაიხსენეთ, შემთხვევით იმ ქვეყნის მოქალაქეები ხომ არ შემოგვყავს უთვალავი რაოდენობით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ქუჩებში გვდევნიდნენ, როგორც “лицо кавказскои национальнасти”, რომლითაც 2008-ში პირუტყვის გადასაყვანი თვითმფრინავებით გამოყარა მრავალი ათასი ქართველი და მათი ოჯახები. თუ ყველაფერი გავატარეთ და დავივიწყეთ — ელარჯი და მისი ჯანი”, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ზუსტად ასევე, რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ბელარუსის გავლით ოჯახებით ჩავიდნენ.

„ფოტოებსაც იღებდნენ. ხალხს უღიმოდნენ, ბორშს მიირთმევდნენ, მერე როცა ბრძანება მიიღეს, სამალავიდან იარაღი ამოიღეს და იმ ხალხს დაუშინეს, ვისაც გუშინ უღიმოდნენ. ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია. გარდა ამისა, არის კონკრეტული ზარალი. რუსების შემოსევაზე რამდენიმე ხელისუფლების დეველოპერი მოითბობს ხელს, მაგრამ დანარჩენი ქართველებისთვის ბინის ფასები მიუწვდომელი გახდება. დიდია ალბათობა ქართული ბანკების დასანქცირების, ქართველთა დანაზოგების გაქრობისა და საკრედიტო ბარათების დაბლოკვისაც. რუსეთში პროდუქტების გაგზავნაც შიდა ბაზარზე მათი ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები იმ რაოდენობით შემოდიან საქართველოში, როგორც პანდემიამდე შემოდიოდნენ.

„რიცხვები დაახლოებით არის 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა“, – თქვა დავითაშვილმა, თუმცა არ დაუზუსტებია, დროის რა შუალედში შემოვიდა ეს რაოდენობა.

მისი თქმით, დამატებით დაზუსტებულ ცნობებს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო გააცნობენ საზოგადოებას.

„საუბარი, რომ დიდი რაონოდებით საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია… ეს ასე არ არის“, – განაცხადა მან.

მიგრაცია რუსეთიდან საქართველოში და უპასუხო კითხვები

მასალების გადაბეჭდვის წესი