საზოგადოება

რუსეთიდან შემოსულია 20-25 ათასი ადამიანი, როგორც პანდემიამდე – დავითაშვილი

7 მარტი, 2022 • 3506
რუსეთიდან შემოსულია 20-25 ათასი ადამიანი, როგორც პანდემიამდე – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები იმ რაოდენობით შემოდიან საქართველოში, როგორც პანდემიამდე შემოდიოდნენ.

„რიცხვები დაახლოებით არის 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა“, – თქვა დავითაშვილმა, თუმცა არ დაუზუსტებია, დროის რა შუალედში შემოვიდა ეს რაოდენობა.

მისი თქმით, დამატებით დაზუსტებულ ცნობებს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო გააცნობენ საზოგადოებას.

„საუბარი, რომ დიდი რაონოდებით საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია… ეს ასე არ არის“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაუწესებს თუ არა საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ პირებს სამეწარმეო საქმიანობაში, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს:

„საქართველო არის თავისუფლების ერთ-ერთი იშვიათი კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან, არის საინტერესო“.

მინისტრის თქმით, საქართველო საინტერესოა „იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება“. მისი თქმით, ამისთვის „საქართველო განხსნილია და გახსნილი იყო ათწლეულები“.

მისი თქმით, სწორედ „მეტი ადამიანის მოსაზიდად აქვს საქართველოს ასეთი გახსნილი, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები“ მრავალი წელია.

„ამიტომ, ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტოლერანტობა ყოველთვის ეგეთი იყო, ეროვნებისა თუ სხვა მახასიათებლის მიუხედავად, – მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად საქმის კეთების საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა 7 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ.

დავითაშვილის თქმით, მთავრობის პოზიცია ამ სკაითხზე „მკაფიოა“.

ამასთან, დავითაშვილმა თქვა, რომ „ყველა მაკონტროლებელი ორგანო ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი