ახალი ამბები

ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება — ღარიბაშვილი

7 მარტი, 2022 • 1402
ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველოში მშვიდობას საფრთხე არ ემუქრება.

„მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ პროვოკაციებისა, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის კრიზისის ფონზე, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. მეორე დღეს, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველო დასავლელ პარტნიორებს აწვდის ინფორმაციას მოსალოდნელ საფრთხეებზე.

„როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ, ან როგორ აპირებენ?! ის, რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გუშინ… გამოდის ბორელი და ამბობს, რომ შემდეგი შესაძლოა საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები? ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ჩვენ ევროპულ პარტნიორებს გვაქვს? ეს დიდი პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს“, — განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, საკუთარი გავლენები მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოსა და მოლდოვაზე გაზარდოს და მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდეს.

რუსეთმა შესაძლოა გავლენა გაზარდოს სხვა მეზობლებზე, მათ შორის, საქართველოზე — ბორელი

მასალების გადაბეჭდვის წესი