ახალი ამბები

რუსეთი 15 ქართული საწარმოსგან რძის პროდუქტების იმპორტზე საუბრობს

6 მარტი, 2022 • 4547
რუსეთი 15 ქართული საწარმოსგან რძის პროდუქტების იმპორტზე საუბრობს

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) აცხადებს, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“.

რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ციტირებს უწყების ხელმძღვანელს, იულია მელანოს, რომელიც აცხადებს, რომ უწყება გამოვიდა ინიციატივით, აღნიშნული 15 კომპანია, – ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასთან ერთად, – დაემატოს იმ საწარმოების სიაში, რომლებსაც აქვთ უფლება, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში შეიტანონ თავიანთი პროდუქცია.

Россельхознадзор-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უწყების ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილს შორის საუბრის შემდეგ. სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.

ეს გადაწყვეტილება ფიტოსანიტარიის სამსახურმა რუსეთისთვის არაერთი სახელმწიფოს მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე მიიღო.


რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში  და მასობრივი, სასტიკი ომი წამოიწყო.

მალევე აგრესიაზე პასუხად არაერთმა სახელმწიფომ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე ევროკავშირმა – სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის ფედერაციას მძიმე ეკონომიკური სანქციები დააკისრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალსვე განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და თქვა, რომ ეს „მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას“.

რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორია (2021 წელს რუსეთი მე-2 ადგილს იკავებდა როგორც საექსპორტო, ასევე საიმპორტო პარტნიორებს შორის).

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყველა პარტნიორს მოუწოდებს, შეუერთდეს სანქციების რეჟიმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი