რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა დააწესეს სანქციები. კერძოდ, უნდა გაიყინოს ვლადიმერ პუტინის და მასთან დაახლოებული პირების აქტივები და სხვა ყველაფერთან ერთად, SWIFT-ის სისტემიდან გაითიშოს წამყვანი რუსული ბანკები. სანქციები დააწესეს კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამაც.
გამოცემა „ფაინენშლ თაიმზი“ აქვეყნებს ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციების ჩამონათვალს:
პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, ოლიგარქები
- გაიყინება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აქტივები აშშ-ში, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ტერიტორიებზე მოგზაურობა მას არ ეკრძალება. აქტივების გაყინვის მიზეზი მის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრაა;
- გაიყინება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აქტივები აშშ-ში, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძირის გამომთხრელი ქმედებების აქტიურად მხარდაჭერისთვის“. მოგზაურობა არც მას ეკრძალება;
- სერგეი შოიგუს (რუსეთის თავდაცვის მინისტრი) და ალექსანდრე ბორტნიკოვს (უშიშროების ფედერალური სამსახურის – ფსბ-ს დირექტორი) გაეყინებათ აქტივები აშშ-სა და ევროკავშირში და აეკრძალებათ ამ იურისდიქციებში მოგზაურობა;
- ვალერი გერასიმოვს (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი) აეკრძალება მოგზაურობა აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში, გაიყინება მისი აქტივებიც. 2014 წელს გერასიმოვს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა;
- ევროკავშირი სანქციებს უწესებს სახელმწიფო დუმის 351 დეპუტატს – მათ გაეყინებათ ანგარიშები და აეკრძალებათ მოგზაურობა. გაერთიანებული სამეფო ასეთ სანქციებს უწესებს დუმის და ფედერაციის სათათბიროს მხოლოდ იმ წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლუგანსკის და დონეცკის აღიარებას. აშშ-მა აქამდე სანქციები დაუწესა მხოლოდ დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს;
- აშშ და ევროკავშირი აქტივებს გაუყინავენ და მოგზაურობას აუკრძალავენ რუსეთის უშიშროების საბჭოს ყველა წევრს;
- აქტივები გაეყინებათ და მოგზაურობა აეკრძალებათ ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის;
- კირილ შამალოვს, რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს და პუტინის შვილის, კატარინას ყოფილ მეუღლეს გაეყინება აქტივები და აეკრძალება მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში;
- პიოტრ ფრადკოვს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხაილ ფრადკოვის შვილსა და „პრომსვიაზბანკის“ დირექტორს, გაეყინება აქტივები და აეკრძალება მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში;
- დენის ბორტნიკოვს, „ვი-თი-ბი“ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის შვილს, გაეყინება აქტივები და აეკრძალება მოგზაურობა აშშ-ში, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში;
- იური სლუსარს, „გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაციის“ დირექტორს, და ელენა გიორგიევას, „ნოვიკომბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ეკრძალებათ გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობა;
- გენადი ტიმჩენკოს, რუსეთის მეექვსე ყველაზე მდიდარ ოლიგარქს და საინვესტიციო კომპანიის, „ვოლგა გრუპის“ მფლობელს, გაეყინება აქტივები და აეკრძალება მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში;
- გაერთიანებული სამეფო სანქციებს დაუწესებს ოლიგარქ ბორის როტენბერგს და მის დის/ძმისშვილს, იგორ როტენბერგს;
- ევროკავშირში აქტივები გაეყინებათ და მოგზაურობა აეკრძალებათ ვიოლეტა პრიგოჟინას და ლიუბ პრიგოჟინას – ევგენი პრიგოჟინის დედას და მეუღლეს. ევგენი პრიგოჟინმა, ევროკავშირის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ჯარისკაცები უკრაინაში გაგზავნა.
- სერგეი ივანოვს (თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პუტინთან დაახლოებული პირი) და მის შვილს, ასევე სერგეი ივანოვს („გაზპრომბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს) აშშ სანქციებს დაუწესებს;
- აშშ-ის სანქციები ასევე შეეხებათ ნიკოლაი პატრუშევს (რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი) და მის შვილს, ანდრეი პატრუშევს („გაზპრომ ნეფტის“ ყოფილი დირექტორი);
- აშშ-ის სანქციები ასევე შეეხებათ იგორ სეჩინს („როსნეფტის“ ხელმძღვანელი) და მის შვილ ივან სეჩინს;
- აშშ სანქციებს უწესებს რუსეთის სახელმწიფო ბანკების ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს: ალექსანდრ ვედიახინს („სბერბანკი“), ანდრეი პუჩკოვს, იური სოლოვიოვს („ვი-თი-ბი“) და მის მეუღლეს, გალინა ულიუტინას;
ბანკები
- რუსეთის ცენტრალური ბანკი: ევროკავშირს უკვე აკრძალული აქვს „პირდაპირი ან არაპირდაპირი ვაჭრობა საინვესტიციო მომსახურებაში… 2022 წლის 12 აპრილის შემდეგ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის და საბაზრო ინსტრუმენტებისთვის“. ამასთან ერთად, აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს, კანადასა და ევროკავშირს სურთ, „დააწესონ შემზღუდავი ზომები, რომლებიც არ მისცემს რუსეთის ცენტრალურ ბანკს საშუალებას, გამოიყენოს საერთაშორისო რეზერვები ისე, რომ ძირი გამოუთხაროს სანქციების შედეგებს“;
- SWIFT: აშშ-ის, გაერთიაენებული სამეფოს, კანადასა და ევროკავშირის განცხადებით, რიგ რუსულ ბანკებს გათიშავენ SWIFT-ის სისტემიდან, რათა „უზრუნველყონ, რომ ეს ბანკები გამორთნულნი არიან საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან და ზიანი მიაყენონ მათ შესაძლებლობას, გლობალური ოპერაციები ჩაატარონ“. კონკრეტულად რომელ ბანკებს შეეხება ეს სანქცია, ამ ეტაპზე უცნობია;
- „სბერბანკი“: რუსეთის უმსხვილეს ბანკს და მისი შვილობილ კომპანიებს შეეზღუდათ წვდომა აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე და აეკრძალათ დოლარში ტრანზაქციების განოხირცელება;
- „ვი-თი-ბი“: აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ გაყინეს რუსეთის მეორე უმსხვილესი ბანკის აქტივები, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლეთის ფინანსურ სისტემაზე. ბანკი და მისი შვილობილი კომპანიები აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებთან საქმიანობას ვერ წარმართავენ;
- „ალფა-ბანკს“ და ბანკ „ოტკრიტიეს“ ემუქრებათ ევროკავშირის მიერ რეფინანსირების მიზნით ობლიგაციების ან აქციების გამოშვების აკრძალვა; აშშ-მა „ალფა-ბანკის“ ნასესხებ და საკუთარ კაპიტალს დაუწესა შეზღუდვები, ბანკ „ოტკრიტიეს“ კი სანქციების მთელი პაკეტი შეეხება;
- ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ გაყინეს ბანკ „როსიას“ და „პრომსვიაზბანკის“ აქტივები; აშშ-ის სანქციების სრული პაკეტი შეეხო „პრომსვიაზბანკს“;
- აშშ-ის სანქციების სრული პაკეტი შეეხო „სოვკომბანკს“ და „ნივკომბანკს“, ხოლო „რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკს“, „მოსკოვის საკრედიტო ბანკს“ და „გაზპრომბანკს“ ნასესხებ და საკუთარ კაპიტალზე შეზღუდვები დაუწესდა;
- „იშ ბანკს“, „გენბანკს“ და „შავი ზღვის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს“ სანქციები დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომ;
- ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბანკ „ვებ-ს“, რომელიც რუსეთის მთავრობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. „ვები“ უკვე იყო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ;
- აშშ-მა სანქციები დაუწესა ბელარუსის ორ სახელმწიფო ბანკს – „ბელინვესტბანკს“ და ბანკ „დაბრაბიტს“; სანქციები შეეხოთ ასევე კომპანიებს, „ბელბიზნესლიზინგს“ და „ბელინვესტ-ენჯინირინგს“, „ბელინვესტბანკის“ სახელით მოქმედებისთვის;
კომპანიები
გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს შემდეგ რუსულ კომპანიებს:
- „აეროფლოტს“ აეკრძალება გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეში ფრენა;
- „როსტეხს“ – რუსეთის უმსხვილეს კომპანიას თავდაცვის სექტორში;
- „ურალვაგონზავოდ“ – მსოფლიოს უმსხვილესი ტანკების მწარმოებელი;
- „ტაქტიკური რაკეტების კორპორაცია“ – საზღვაო და საჰაერო რაკეტების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი;
- „გაერთიანებული საჰაერო კორპორაცია“ – რუსული კომპანია, რომელიც ამარაგებს სამხედრო ავიაციას;
- „გაერთიანებული გემთმშენი კორპორაცია“ – უმსხვილესი გემთმშენი კომპანია რუსეთში, რომელმაც მათ შორის საზღვაო გემები ააშენა.
ევროკავშირის სანქციებით:
- ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებს აეკრძალებათ რუსული იარაღის მწარმოებლისთვის, ას „კალაშნიკოვისთვის“ ტექნოლოგიების მიყიდვა;
- ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებს ეკრძალებათ საქმიანი ურთიერთობა შემდეგ რუსულ კომპანიებთან: „ალმაზ-ანტეი“ (იარაღის მწარმოებელი), „კამაზ“ (სატვირთო მანქანების მწარმოებელი), ნოვოროსიისკის კომერციულ პორტთან, „როსტეხთან“, „რუსეთის რკინიგზასთან“, ბირთვული წყალქვეშა ნავების მწარმოებელ „სევმაშთან“, „სოვკომფლოტთან“ და „გაერთიანებულ გემთმშენ კორპორაციასთან“;
- ევროკავშირის სანქციები ასევე შეეხება „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“, რომელიც დეზინფორმაციის კამპანიების უკან დგას და ევგენი პრიგოჟინის მიერ ფინანსდება.
აშშ-ის სანქციები:
- რუსულ კომპანიებს („გაზპრომი“, „გაპზრომ ნეფტ“, „ტრანსნეფტ“, „რუსჰიდრო“, „სოვკომფლოტ“, „რუსეთის რკინიგზა“, „როსტელეკომი“, „ალროსა“) აეკრძალათ ფინანსირების მოზიდვა აშშ-ის ბაზარზე;
სხვა სანქციები
გაერთიანებული სამეფო:
- შეიზღუდა რუსეთის შეძლებული მოქალაქეების წვდომა გაერთიანებული სამეფოს ბანკებზე, მათ საბანკო ანგარიშზე წესდება ლიმიტი 50 000 ფუნტის ოდენობით;
- ყველა რუსული ფინანსური ინსტიტუტის აქტივები გაერთიანებულ სამეფოში გაიყინება;
- იკრძალება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ექსპორტი ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცები და აერო-კოსმოსი;
- გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ან იქ დარეგისტრირებული იურიდიული პირები ვერ აწარმოებენ საქმიანობას დონეცკში და ლუგანსკში, სანამ ისინი უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არ იქნება.
ევროკავშირი:
- რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები ევროკავშირის ბანკებში ვერ იქნება 100 000 ევროზე მეტი;
- ევროკავშირში აიკრძალება რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციების გაყიდვა;
- იკრძალება ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიების მიყიდვა რუსეთისთვის/რუსული კომპანიებისთვის;
- კიდევ უფრო იზღუდება ტექნოლოგიების, მათ შორის ნახევარგამტარების ექსპორტი;
- იკრძალება რუსული ავიახაზებისთვის და კოსმოსური სექტორისთვის აღჭურვილობის მიყიდვა და მათზე დაზღვევის გაცემა;
- რუსი ჩინოვნიკები, დიპლომატები და ბიზნესმენები ვეღარ გამოიყენებენ სავიზო რეჟიმის გამარტივებულ პროცედურებს.
აშშ:
- ვაშინგტონმა შეზღუდა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში;
- შეზღუდა ჩიპების და კომპიუტერული ტექნიკის ექსპორტი;