ახალი ამბები

სანქციებს თუ ვერ უერთდებით, სტალინის მუზეუმი მაინც დახურეთ – პოლონეთის ელჩი

4 მარტი, 2022 • 2990
სანქციებს თუ ვერ უერთდებით, სტალინის მუზეუმი მაინც დახურეთ – პოლონეთის ელჩი

პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და სხთოვს, გორში სტალინის მუზეუმი დახუროს.

ელჩმა მაშკიევიჩმა 4 მარტს თბილისში „რონდელის ფონდის“ ორგანიზებულ დისკუსიაზე, „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, გამოსვლის ბოლოს განაცხადა:

„ბოლოს მსურს, მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს. ერთი შემოთავაზება მაქვს. მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ – ხართ პატარა ქვეყანა უზარმაზარი მეზობლით, რთულ ეკონომიკური მდგომარეობაში ხართ და არ შეგიძლიათ ხმამაღლა გამოხვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კეთილი, მაგრამ გთხოვთ, ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ: დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში. გმადლობთ“.


რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში  და მასობრივი, სასტიკი ომი წამოიწყო.

მალევე აგრესიაზე პასუხად არაერთმა სახელმწიფომ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე ევროკავშირმა – სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის ფედერაციას მძიმე ეკონომიკური სანქციები დააკისრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალსვე განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და თქვა, რომ ეს „მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას“.

დღესვე, 4 მარტს, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყველა პარტნიორს მოუწოდებს, შეუერთდეს სანქციების რეჟიმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი