ახალი ამბები

ის გამოიყურება ძალიან განმარტოებულად – ზურაბიშვილი პუტინზე

4 მარტი, 2022 • 1777
ის გამოიყურება ძალიან განმარტოებულად – ზურაბიშვილი პუტინზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზე საუბრისას ამბობს, რომ შეჭრისას ვლადიმერ პუტინი არ ელოდა უკრაინელთა ასეთ წინააღმდეგობას.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. მან თქვა, რომ პუტინს არ სურს მხოლოდ რამდენიმე რეგიონის ანექსირება – „როგორც ჩანს, მას უნდა, მთელი ქვეყნის განადგურება. ეს მასობრივი განადგურების ომია“.

ზურაბიშვილის თქმით, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის – „მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, პირიქით, როგორც ჩანს, მას იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა.“

„ის არ გეგმავდა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. ყოველმხრივ მასობრივ შეტევას ჰქონდა ფსიქოლოგიური ეფექტი, თუმცა ამან არ იმუშავა. რა თქმა უნდა, მას აქვს სამხედრო უპირატესობა, რაც ასე თუ ისე გამოვლინდება, მაგრამ უკრაინის ხალხის გამბედაობა და წინააღმდეგობა ნამდვილად შესანიშნავია“, – ამბობს ზურაბიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისი აზრით, როგორ დასრულდება პუტინის შეჭრა, ზურაბიშვილი ამბობს:

„როგორც წეღან ვთქვი, ვფიქრობ, მისმა სტრატეგიამ არ იმუშავა ისე, როგორც თავად ფიქრობდა. რა არის ახლა მისი გეგმა? როგორც ჩანს, ეს მთლიანად უკრაინის ოკუპაციაა, ნებისმიერ ფასად ქალაქების აღება. მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების [დაბომბვის] ხარჯზე.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი დაჩემება, თითქოს ეს [რუსეთი და უკრაინა] იყო ერთი ხალხი და ერთი ქვეყანა – არასდროს იქნება სიმართლე. ამ განადგურების შემდეგ, ეს არასდროს იქნება „ერთი ხალხი“, მათ შორის, იმ რუსულენოვან რეგიონებში, რომლებსაც პუტინი თვლიდა „მოძმეებად“. ის, თუ როგორ ეპყრობა პუტინი ამ ქალაქებსა და ამ ხალხს, მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს – ნიშნავს, რომ მან შექმნა არა „ერთიანი ხალხი“, არამედ მისი მტერი“, – დასძენს ის.

ზურაბიშვილი ასევე საუბრობს საქართველოზეც და კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ უკრაინის შემდეგ პუტინი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე „გადავა“, პასუხობს, რომ საქართველო სულ იყო რუსეთის ყურადღების ქვეშ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებიანები ვართ, ოკუპაცია ჩვენთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ქვეყნის ორი რეგიონი – 20% ოკუპირებულია. დიდი სამხედრო ბაზებით ამ ორ რეგიონში, რომლებიც ნებისმიერ წამს შეიძლება [ჩვენკენ] დაიძრნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ იცვალა მისი გზა ევროატლანტიკური მიმართულებიდან’, – ამბობს ზურაბიშვილი და ამატებს, რომ საქართველომ უკვე შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობით, ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ ამბობს, რომ – „ეს არ არის იგივე პუტინი, რომელიც მას 2019 წელს შეხვდა“ და ბოლო პერიოდში მას ჰქონდა რამდენიმე „ემოციური აფეთქება“, რაც მისთვის არ არის დამახასიათებელი.

ჟურნალისტი ზურაბიშვილს ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ პანდემიით გამოწვეულმა იზოლაციამ პუტინის ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია.

„ახლა ის იზოლირებულია, თითქმის მთელი მსოფლიოდან. არიან ქვეყნები, რომლებიც მას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ბოლომდე არ იზიარებენ მის ქმედებებს უკრაინაში. შესაბამისად, ის ახლა ძალიან მარტოა. ეს რა გავლენას ახდენს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე – ამაზე პასუხი არ ვიცი. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მე არ მაქვს მასთან შეხვედრები. შესაბამისად, ახლოდან არ ვიცნობ. მაგრამ ის გამოიყურება და ჟღერს კიდეც ძალიან განმარტოებულად. უფრო და უფრო აგრესიულია მის განცხადებებშიც კი“, – უპასუხა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი