ახალი ამბები

ხანძარი ატომურ სადგურზე: ზელენსკი ბაიდენს და ბორის ჯონსონს ესაუბრა 

4 მარტი, 2022 •
ხანძარი ატომურ სადგურზე: ზელენსკი ბაიდენს და ბორის ჯონსონს ესაუბრა 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე დაბომბვის შემდეგ ხანძრის შესახებ. 

ხანძარი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე მოჰყვა რუსეთის სამხედროს შეტევას 4 მარტის ღამეს. 


ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის დაუფიქრებელმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. 

ჯონსონმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოელის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება უახლოეს საათებში . 


ბაიდენმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა ატომურ სადგურზე და მისცეს შესაძლებლობა მეხანძრეებს, ადგილზე შევიდნენ..


უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ბირთვული ელექტროსადგურები ააშენეს.

უკრაინაში ამჟამად 4 მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურია, მათ შორის, ხმელნიცკის, როვნოს, სამხრეთ უკრაინისა და ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის სადგურები. ეს უკანასკნელი კი ექვსი რეაქტორითა და გამომუშავებული ენერგიის მოცულობით, ევროპაში უდიდესია.

ზაპოროჟიის ბირთვული სადგური უკვე დაიკავა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მანამდე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სადგურის ტერიტორიაზე, რუსული თავდასხმის შემდეგ, გაჩნდა ხანძარი, რომელიც რამდენიმე საათი ვერ ჩააქრეს.

უკრაინას უკავშირდიება მსოლფიოს პირველი ბირთვული კატასტროფაც, რომელიც ჩერნობილის სადგურზე მოხდა. კატასტროფას გრძელვადიან პერსპექტივაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბირთვული ენერგიის მკვლევრების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში განლაგებული რომელიმე ბირთვული რეაქტორი დაზიანდება, განმეორდება ჩერნობილის ტრაგედია და შესაძლოა, რომ კატასტროფის მასშტაბები გაცილებით დიდი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი