ახალი ამბები

ოდესის სანაპიროსთან ესტონური სატვირთო გემი ჩაიძირა – FT

3 მარტი, 2022 • 1852
ოდესის სანაპიროსთან ესტონური სატვირთო გემი ჩაიძირა – FT

ოდესის სანაპიროსთან ესტონური სატვირთო გემი ჩაიძირა, – ეს უკვე მე-5 კომერციული ხომალდია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩაიძირა, როგორც  „კოლატერალური ზიანი“. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გემის ეკიპაჟის ექვსივე წევრი გადაარჩინეს. ამასთან, დაზიანებისას გემზე ტვირთი არ ეწყო, – ის რამდენიმე დღის წინ დაცალეს.

ტალინური ტრანსპორტირების სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, რომელსაც Financial Times ციტირებს, აფეთქება მოხდა გემზე ან გემის სიახლოვეს.

ნატოს ტრანსპორტირების ცენტრი ხომალდებს აფრთხილებს, რომ საბრძოლო მოქმედებების ფონზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში კომერციული გემების დაზიანების რისკი „ძალიან მაღალია“ და სამხედრო ოპერაციების ინტენსიურობა უკრაინის სანაპიროზე „დიდი ალბათობით, გაიზრდება“.

„როიტერსის“ ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, სადაზღვევო კომპანიებმა შავ ზღვაში შემავალ გემებზე ტვირთის დაზღვევის ფასები კიდევ გაზარდეს.

ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში, მათ შორის შავი ზღვის მიმართულებითაც, ტრანსპორტირების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც სხვა სფეროებთან (ასევე, სხვა მიზეზებთან) ერთად, ზრდის მეორადი ავტომობილების იმპორტის ხარჯებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი