პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის თარიღი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ ვოლსკიმ დღეს, პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ვიზიტის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი:
“შეიძლება გადაწეული იყოს კიდეც ეს [პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის] თარიღი. პირადად მე ამ განხილვებში ვერ მოვასწარი ჩართვა, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება… გადავწყვეტთ, თუ არის ამასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ. ყველაფერი შეიძლება გამომდინარე იმ აუცილებლობიდან, რაც შეიქმნება. არ ვიცი, ვნახოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ აღნიშნულ საკითხზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა პარლამენტს ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რომ წლიური მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოში 5 მარტს წარდგება.
საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები.
ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.