ახალი ამბები

“როგორ გძინავთ ღამით?” – ბრიტანელი ჟურნალისტი ლავროვს

3 მარტი, 2022 • 1906
“როგორ გძინავთ ღამით?” – ბრიტანელი ჟურნალისტი ლავროვს

დღეს, 3 მარტს, ონლაინ პრესკონფერენციის დროს, ბრიტანელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს კითხვა დაუსვა რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის შესახებ:

“პოლინა ზახოდინსკაიაზე მინდა გკითხოთ, ის იყო კიევში, დაწყებით სკოლაში, და რუსების თავდასხმის დროს მოკვდა. თქვენც გყავთ შვილი და შემომხედეთ თვალებში და მითხარით, როგორ გძინავთ ღამით იმის ცოდნით, რომ რუსული ტყვიები და ბომბები კლავენ ბავშვებს? საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს გამოძიებას ომის დანაშაულებზე და მზად ხართ თავდაცვისთვის?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტი ემოციურობაში დაადანაშაულა.

“მხოლოდ თანაგრძნობა შემიძლია გამოვუცხადო დაღუპულთა ახლობლებს. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია და ნებისმიერი საბრძოლო მოქმედებები, სამწუხაროდ, მსხვერპლს იწვევს, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენს სამხედროებს, რომლებიც სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობენ, მკაცრი ბრძანება აქვთმიღებული, რომ გამოიყენონ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. სხვათა შორის, ჩვენ არ მოგვიგონია ტერმინი Collateral damage [თანმხლები ზიანი], ის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოიგონეს საკუთარი ავანტიურების დროს ერაყში და იქამდე კიდევ სხვა ქვეყნებში. ასეთივე ემოციურობით გაგიშუქებიათ ეს მოვლენები მაშინ?”

ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ უკვირს დასავლელი მედიის, რომელიც არასოდეს დაინტერესებულა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგედიით.

“მე დასავლეთის დიპლომატიურ ტალანტზე მეფიქრება. 14 ათასამდე ადამიანი დაიღუპა დონბასში უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში. დასავლურ მედიას აზრადაც არ მოსვლია დონბასში ჩასვლა და საკუთარი თვალით ნახვა იმ ადამიანებისა, რომელთაც უკრაინულმა რეჟიმმა ისინი ტერიტორისტებად გამოაცხადა და ყოველდღიური საფრთხის ქვეშ იყვნენ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე შედით და იქ ნახავთ დეტალურად, რას აკეთებდნენ იქ უკრაინელი ნეონაცისტები”.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძროდა სეპარატისრული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი