ახალი ამბები

ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ მაინც მიიყვანენ ბოლომდე

3 მარტი, 2022 • 2963
ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ მაინც მიიყვანენ ბოლომდე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის დემილიტარიზაციას ბოლომდე მაინც მიიყვანენ.

ლავროვს დღეს ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია ჰქონდა, რა დროსაც თქვა, რომ უკრაინელებმა მათი პოზიცია იციან.

„ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ ჩვენს ოპერაციას გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, თავს იმის უფლება მივცეთ, რომ შევანარჩუნებინოთ უკრაინას ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. დემილიტარიზაციას — ჩვენთვის საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების განადგურების თვალსაზრისით — ბოლომდე მივიყვანთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ ხელს მოვაწერთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, საკუთარ თავში ეს ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამ [დემილიტარიზაციის] პუნქტს“, — აცხადებს ლავროვი.


რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ ეძახის ომს, არამედ „სპეციალურ ოპერაციას“ და აცხადებს, რომ მისი მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და დემილიტარიზაციაა.

კრემლის პროპაგანდის ნაწილია ასევე ისიც, რომ უკრაინაში ბევრი „ნაცისტია“, რომელიც იქაურ მოსახლეობას ავიწროებს. სამხედრო ობიექტების პარალელურად, რუსეთი ასევე ბომბავს ქალაქებს, ბავშვთა საავადმყოფოებს, ბაღებსა და სხვას. მოკლულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

თითქმის 9000 რუსი ჯარისკაცია მკვდარი – ზელენსკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი