აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში არსებული დისბალანსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თხილის ექსპორტზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ აფხაზეთის [დე ფაქტო] ეკონომიკის სამინისტროს 2025 წლის მონაცემებით, საქართველომ 4 500 ტონა გაუფცქვნელი თხილი მიიღო, მაშინ როდესაც რუსეთში ამ პროდუქტის ექსპორტმა მხოლოდ 12 ტონა შეადგინა.
აფხაზური მხარის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, განსხვავებული სურათია გარჩეული თხილის, ანუ თხილის გულის ექსპორტის შემთხვევაში: 2025 წელს რუსეთში 487 ტონა გარჩეული თხილი გაიგზავნა, ქართულ მხარეს კი – 35 ტონა.
როგორც მედია წერს, კომიტეტის სხდომაზე მეწარმე აბესალომ კვარჩიამ განაცხადა, რომ “აფხაზეთის აღმოსავლეთი ნაწილი საქართველოსთვის ნედლეულის მიმწოდებლად არის ქცეული”.
„აღმოსავლეთი აფხაზეთი საქართველოს ნედლეულის დანამატად იქცა. ჩვენ ამ ნედლეულს საქართველოს ვაწვდით, ქართველი ეკონომისტები კი ანგარიშს აბარებენ, რამდენ მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ თხილზე, ჩვენ კი მათ ვუყურებთ“, – განაცხადა კვარჩიამ.
მისი თქმით, მისთვის მიუღებელია, რომ აფხაზეთი ნედლეულს ექსპორტზე აგზავნის მაშინ, როდესაც მისი გადამუშავება ადგილზე და მზა პროდუქციის ექსპორტი იქნებოდა შესაძლებელი.
საკითხზე ისაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამაც. მისი თქმით, დამატებული ღირებულების დიდი ნაწილი” უცხოეთში მდებარე გადამამუშავებელ საწარმოებში რჩება და არა აფხაზეთში”.
პრობლემის გადასაჭრელად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაუფცქვნელი თხილის ექსპორტის შეზღუდვის რამდენიმე მექანიზმს განიხილავს. მათ შორისაა ნედლი თხილის ცალკეულ ქვეყნებში ექსპორტის დროებითი ან მუდმივი აკრძალვა, ასევე გაუფცქვნელი თხილის გატანაზე საექსპორტო გადასახადის დაწესება.
დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ზომების მიზანი აფხაზეთში თხილის გადამუშავების წახალისება და ადგილობრივი გადამამუშავებელი საწარმოების მხარდაჭერაა.
