ახალი ამბები

მთავრობის წინააღმდეგ პროტესტი უნდა დაიწყოს – ევსაქები

1 მარტი, 2022 • 685
მთავრობის წინააღმდეგ პროტესტი უნდა დაიწყოს – ევსაქები

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს, 1 მარტს უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ამ ვითარებაში საქართველოსთვის  ერთადერთი გზა მმართველი პარტიის “გაშიშვლება და სრული დელეგიტიმაცია”:

“ამ ვითარებაში ერთადერთი გზა, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს, არის ისედაც არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმის სრული გაშიშვლება და სრული დელეგიტიმაცია ყველას თვალში, ისევე როგორც, მშვიდობიანი პროტესტის გაფართოება”, – განაცხადა ბოკერიამ.

აკაკი ბობოხიძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს და ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის და დაცვის გარეშე დარჩება. მისი განცხადებით, ასეთ ვითარებაში საქართველო რუსეთისთვის “იოლი ლუკმა” აღმოჩნდება.

“ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა ქართველი ხალხის ნებას დამატებული ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. თუ დღეს რამეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ეს არის საერთაშორისო მეგობრების
მხარდაჭერის მოსპობა და ღიად პრორუსული პოზიციის დაკავება”, – განაცხადა ბობოხიძემ.

გიორგი ნონიაშვილის თქმით, საქართველოს ჰყავს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება:

“ჩვენ გვყავს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება, მათზე არის ნათქვამი: მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი – ასეთ პოზიციას წარმოადგენს, სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლება. მე მგონია, რომ ეს ხელისუფლება არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს“, – თქვა ნონიაშვილმა.


მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა, ომის ეპიცენტრში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“ ,– ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ამ რადიკალურ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების არაერთი ანტიუკრაინული განცხადება და ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მასშტაბური ომი წამოიწყო.

ღარიბაშვილისა და „ოცნების“ ანტიუკრაინული ქმედებები ომის დაწყების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი