ახალი ამბები

უკრაინას კვლავ არ აძლევენ საშუალებას, რომ ჩარტერი შესრულდეს – ქაცარავა

1 მარტი, 2022 • 2088
უკრაინას კვლავ არ აძლევენ საშუალებას, რომ ჩარტერი შესრულდეს – ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ უკრაინაში წასვლის მსურველი ქართველი მოხალისეები ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა არ იცვლის პოზიციას და უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ჩარტერულ რეისს საქართველოში დაფრენის შესაძლებლობას არ აძლევს.

მისი თქმით, უკრაინის საელჩომ საკუთარი რესურსები ამოწურა, საქართველოს მთავრობასთან კი კომუნიკაცია არ აქვთ:

„ჯერჯერობით არ არის სიახლე, ვეძებთ ალტერნატიულ გზებს. როგორც ვიცით, გუშინდელი გადაწყვეტილება მთავრობის არ იცვლება, უკრაინის საელჩოს არ აძლევენ საშუალებას, რომ ჩარტერი შესრულდეს. ამიტომ გვიწევს, ჩვენი გზები მოვძებნოთ. მთავრობასთან არანაირი კომუნიკაცია ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს დავით ქაცარავა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოდან წასვლის სურვილს დაახლოებით 150 ადამიანი გამოთქვამს. ჯგუფებში შედიან ექიმებიც.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“, – დაწერა მან.

ნეტგაზეთი მეორე დღეა პასუხს ელოდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან და ავიაციის სააგენტოსგან, რატომ არ მისცეს უკრაინულ ჩარტერს თბილისში დაფრენის საშუალება.

შმიგალის ტვიტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მან თქვა, რომ „ეჭვები აქვს“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით.

ეჭვი მაქვს, საიდან მოდის – ზალკალიანი შმიგალის განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი