ახალი ამბები

ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი — ხარკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახური

1 მარტი, 2022 • 1197
ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი — ხარკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახური

რუსეთმა ხარკოვის ადმინისტრაციის შენობასა და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი. უკრაინის დროით 11 საათისთვის ხარკოვის ოლქის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე 20-მდე ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან კი ადამიანების გამოყვანას კვლავ ცდილობენ.

11 საათისთვის მაშველებმა 6 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი ბავშვია. ასევე, საგანგებო სამსახურის ცნობით, დაბომბვის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინულმა გამოცემა УНИАН ავრცელებს.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაბომბვის მომენტში ქალაქში კომენდანტის საათი დასრულებული იყო.

ქალაქის ცენტრსა და სხვა უბნებში ადგილობრივი სამართალდამცავები განნაღმვით სამუშაოებს ატარებენ. მათ მთელი დღის განმავლობაში 69 ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. ასევე ჩააქრეს რუსეთის დაბომბვის შედეგად გამოწვეული 24 ხანძარი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალებმა მიზანმიმართულად დაბომბეს მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული ადგილი, სადაც სამხედრო ობიექტები არ იყო:

“ათობით თვითმხილველის ჩანაწერი ადასტურებს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი დარტყმა. ეს იყო მოქალაქეების მიზანმიმართული განადგურება.

რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად მოუწევთ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგომა. ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა. არავინ დაივიწყებს მსოფლიოში, რომ თქვენ დახოცეთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხი”, — ხარკოვის დაბომბვა ასე შეაფასა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

გარეკანის ფოტო: ДСНС України


მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

სასტიკი ომი უკრაინაში — დღე VI რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი