ახალი ამბები

იმედია, EU-ში უკრაინასთან ერთად საქართველოს კანდიდატობასაც განიხილავენ – ბოჭორიშვილი

1 მარტი, 2022 • 1060
იმედია, EU-ში უკრაინასთან ერთად საქართველოს კანდიდატობასაც განიხილავენ – ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი, უკრაინასთან ერთად, წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საქართველოსაც მიანიჭებს.

მისი თქმით, სწორედ საქართველო იყო პირველი ასოცირებული ქვეყანა, რომელმაც გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადზე პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო.

“დღეს უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე მსოფლიო წესრიგში უპრეცედენტო ძვრების საწყისი გამოიკვეთა, რისთვისაც, სამწუხაროდ, 2008 წელს ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი არ აღმოჩნდა საკმარისი.

დღეს ევროპარლამენტი და ევროკავშირის მთელი რიგი წევრები აქტიურად მსჯელობენ ევროკავშირში წევრობისთვის უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე.

საქართველოს ევროპული ამბიციები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი. საქართველო გახლდათ პირველი ასოცირებული ქვეყანა, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანაზე დაიწყო კონსულტაციები პარტნიორებთან, რაც დღეს კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ის ძვრები, რაც დღეს ევროკავშირის მიდგომებში შეინიშნება, იქნება საქართველოს ინტეგრაციის წარმატებით დასრულებისთვის გადამწყვეტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან ერთად, საქართველოსთვისაც განიხილავენ. ამისათვის კიდევ უფრო გვჭირდება ერთიანობა ეროვნული იდეის გარშემო, რაც ძლიერი, დემოკრატიული და დაცული ქვეყნის შედეგად მიიღება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა საქართველო მიმართოს EU-ს წევრობის განაცხადით.ამ თემაზე გირჩევთ

უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

მასალების გადაბეჭდვის წესი