ახალი ამბები

ელისაშვილი უსაფრთხოების საკითხებზე გაფართოებული სხდომის მოწვევას ითხოვს

1 მარტი, 2022 • 1118
ელისაშვილი უსაფრთხოების საკითხებზე გაფართოებული სხდომის მოწვევას ითხოვს

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს უკრაინის საკითხზე ერთიანობისკენ  და ხელისუფლებას სთავაზობს, მოიწვიოს უსაფრთხოების საკითხებზე გაფართოებულ ფორმატში უშიშროების სხდომა.

„მინდა, მხნეობა ვუსურვო იმ ადამიანებს, რომლებიც ხერსონში, ხარკოვში, სუმში, მარიუპოლში ლომებივით იბრძვიან, დედაბუდიანად დგანან, ქალიან-კაციანად და შიშველი ხელებით ტანკებს წინ უდგებიან. ემოციებს ვერ ვიკავებ, ისე ვარ ამ ვიდეობისგან გავარვარებული. მეორე, მინდა დარდი ვთქვა — რა გვჭირს, ხალხო? მთელი ქვეყანა გვიყურებს და 10 წელი რასაც უყურებს, იმას ხედავს… თქვენი 9 წელი, თქვენი 9 წელი… კარგით რაა. ჩვენს შვილებს რა ბედი ელის, არ გვადარდებს? ხომ ხედავთ, რომ ბომბავენ ის უღმერთოები. ის ჭურვი არავის არჩევს — არც ზელენსკის მხარდამჭერს არჩევს და არც დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს. მოდი, ეროვნულად შევხედოთ, არ გვინდა ეს ლანძღვა, გავიგეთ და გაიგო მთელმა საქართველომ, რომ ერთმანეთი გვძულს, მაგრამ მოვთოკოთ… იმ ლომებს ვცეთ პატივი, იმ ხალხს სოლიდარობა უნდა, ჩვენი ერთმანეთის ჯიჯგვნის ყურება კი არ უნდა“, — განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ქართველ ხალხს აინტერესებს, რა ელის ქვეყანას და პოლიტიკურმა სპექტრმა ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს.

„ერთხელ მაინც, ჩვენი ქვეყნის 3 000 წლის არსებობის მანძილზე ვაჩვენოთ, რომ კრიზისის დროს ერთ მუშტად შეკვრა შეგვიძლია, ჩვენც ხომ ამ ომში ვართ? თუ რამე უხარია ახლა რუსეთს, ახლა აქ რაც ხდება, ამის ყურებაა, როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. გინება ყველამ ვიცით და ჩხუბი, მაგრამ ეს ენერგია და სულისკვეთება იმათთვის შემოვინახოთ. პარტიული ჭუჭრუტანიდან ნუ უყურებთ ამ ქვეყანას“, — განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადრე თუ გვიან პასუხი უნდა აგოს უკრაინის მიმართ გაკეთებული არასოლიდარული განცხადებებისთვის, მაგრამ ახლა მასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„სიტყვას არ დავძრავ ღარიბაშვილზე, მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი იყო, რასაც ვისმენდი, მით უფრო, იუნკრების მემორიალზე. აუცილებლად მოვა დრო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ახლა თუ ვინმეს ნახვა არ მინდა, არის ღარიბაშვილი. მოგიწოდებთ, გადმოდგით ნაბიჯი ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იხოცებიან მანდ, მარტო უკრაინელებისთვის არა და მსოფლიო რომ ნორმალური იყოს, იმისთვის იხოცებიან. მოიწვიეთ, გინდა, გაფართოებული სხდომა დაარქვით, გინდა, უშიშროების სხდომა, დაუძახეთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, შევიკრიბოთ ღარიბაშვილთან. მოგვწონს- არ მოგვწონს, ის არის პრემიერ-მინისტრი და მოიქცეს, როგორც ქვეყნის ლიდერი. მაგალითი აღარ გვყავს ზელენსკი? ისიც ხომ ნაწილმა აირჩია, მაგრამ ყველას ლიდერია, და გვაჩვენოს ეს ღარიბაშვილმაც. ამ ხალხსაც [ენმ-ს] აქვს გამოცდილება, მოგვწონს- არ მოგვწონს, 9 წელი მართავდნენ ქვეყნას და ჰყავთ პროფესიონალები, აგერ, გენერალი კაცი ზის“, — მიმართა ელისაშვილმა პოლიტიკურ სპექტრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი