ახალი ამბები

მოქალაქეთა ჯგუფმა ამბროლაურში ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა

28 თებერვალი, 2022 • 3354
მოქალაქეთა ჯგუფმა ამბროლაურში ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა

ამბროლაურში მოქალაქეთა ჯგუფმა “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნა გააპროტესტა. ძალადობრივი და ჰომოფობიური ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, რომელსაც საქართველოს არაერთ ქალაქში უკვე აქვს წარმომადგენლობა, ზემოხსენებული ოფისი 27 თებერვალს გახსნა.

მოქალაქეებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პარტიის პოლიტიკას , საპროტესტო შეკრება სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ფეისბუკ ჯგუფში დაგეგმეს.

“გაქვთ ვინმეს სურვილი, რომ მშვიდობიანად გააპროტესტოთ პრორუსული ძალების მიერ პარტიის ოფისის გახსნა?” — ჰკითხა ჯგუფის წევრებს აქტივისტმა ეთერ არსანიძემ, რომელიც აქციის ორგანიზებაში იყო ჩართული.

ოფისთან საპროტესტოდ მისულ მოქალაქეთა ნაწილს ხელში ეჭირა პლაკატები, ერთ-ერთ მათგანს კი — ევროკავშირის დროშა. ამ უკანასკნელმა “ალტ-ინფოს” პარტიის წარმომადგენლები არაერთგზის გააკრიტიკა და “სამშობლოსა და ერის მოღალატეები” უწოდა.

“ტრა*ში გაგიკეთო ახლა ეგ დროშა, გინდა?” — მიმართა ოფისთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეს. ამ უკანასკნელისთვის დროშის წართმევასაც შეეცადნენ.

კადრების მიხედვით, ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.

აქტივისტი ეთერ არსანიძე, რომელიც ამბროლაურში არყოფნის გამო აქციას ვერ დაესწრო, თუმცა მის ორგანიზებაში მონაწილეობდა, აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, როცა ამბროლაურში ხსენებული პარტიის ოფისის გახსნის გეგმებზე შეიტყვეს.

“ყველამ ვიცით, მათ შორის, მეც და ჩემმა მეგობრებმაც, რომლებიც მონაწილეობდნენ პროტესტში, რომ ეს პარტია ფინანსდება რუსეთიდან, ამოძრავებთ რუსული ინტერესები, აქვს პრორუსული პოლიტიკა და მათი მთავარი ინტერესი არის ის, რომ [რუსეთთან] ურთიერთობა დალაგდეს ნებისმიერ ფასად.

იმის პარალელურად, რომ მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს, საქართველოში იხსნება პრორუსული პარტიის ოფისები. ეს არის ყველაზე გამაღიზიანებელი. რა თქმა უნდა, სხვა ნებისმიერ დროსაც გამოიწვევდა ჩვენში პროტესტს ამ პარტიის ოფისის გახსნა, მაგრამ ახლა, როცა ასეთი სიტუაციაა, მეტად უფრო გამაღიზიანებელი და შემაშფოთებელია”, — დასძენს ის.

არსანიძის სიტყვებით, მოქალაქეები მშვიდობიან პროტესტს მომავალშიც გააგრძელებენ.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი