ახალი ამბები

აქციაზე უნდა ვიყოთ ბევრი და ბანერებით, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში – დეკანოიძე

28 თებერვალი, 2022 • 1064
აქციაზე უნდა ვიყოთ ბევრი და ბანერებით, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს საქართველოს უდიდესი გამოწვევაა, დარჩება ევროკავშირის მიღმა თუ ევროკავშირის ქვეყანა სწრაფად, ისე როგორც ამას აკეთებს უკრაინა.

აღნიშნული საკითხი დეკანოიძემ დღეს, 28 თებერვალს, ბიუროს სხდომაზეც დააყენა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, რომ არა განსახილველ საკითხებზე, არამედ იმის შესახებ ესაუბრათ, რაც მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა პარლამენტის თავმდჯომარემ დეკანოიძეს უთხრა, რომ ამისათვის შეუძლია, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის დათმობილი დრო გამოიყენოს.

„ბიუროს სხდომაზე მხოლოდ და მხოლოდ მორჩილი უმრავლესობის აზრი იყო მიღებული და ბატონი შალვა პაპუაშვილიც მორჩილ უმრავლესობას წარმოადგენს. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეს საქარათველოში წყდება არა ის, რომ ღარიბაშვილმა რა თქვა. ვინც არის ღარიბაშვილი, ჩემთვის გასაგებია და ყველასთვის. დღეს საქართველოს აქვს უდიდესი გამოწვევა, ჩვენ დავრჩებით ევროკავშირის მიღმა თუ ვიქნებით ევროკავშირის ქვეყანა სწრაფად, ისე, როგორც ამას აკეთებს უკრაინა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძე ფიქრობს, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე, მთავარი მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს.

„დიდი სათხოვარი მექნება ყველასთან. იმედია, კეთილგინიერებას გამოვიჩენთ: დღეს, აქციაზე არავითარი სიტყვით გამოსვლები, მიკროფონები ან ზოგადი სადღეგრძელეობი არ არის საჭირო. არც ინფორმაციის გაჟღერება: ყველამ ყველაფერი იცის. უნდა ვიყოთ ბევრი, ბანერებით, ევროკავშირის და უკრაინის, საქართველოს დროშებით. სანთლები, ტელეფონის ფანრები და წარწერები, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში“, – განაცხადა დეკანოიძემ.


უკრაინული მხარის განცხადებით, ისინი ევროკავშირს მიმართავენ  დაჩქარებული წესით წევრად გახდომის შესახებ.

26 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ინიციატივით გამოვიდა.

„პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის გზას ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინას დაუყოვნებილ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები“, – წერს იგი ტვიტერზე.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ევროკავშირის აღდგენის ფონდზე.

„უკრაინა იმსახურებს ამას“, – წერს პრეზიდენტი.

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ 3 ქვეყანას შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირში გაწევრიანებას: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო.

საქართველოს მთავრობის დეკლარირებული პოზიციაა, რომ EU-ში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს აპირებს.

აპირებს თუ არა თბილისი, EU-ს ახლავე მიმართოს წევრობაზე – ვოლსკის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი