საზოგადოება

აპირებს თუ არა თბილისი, EU-ს ახლავე მიმართოს წევრობაზე – ვოლსკის განმარტება

28 თებერვალი, 2022 • 2898
აპირებს თუ არა თბილისი, EU-ს ახლავე მიმართოს წევრობაზე – ვოლსკის განმარტება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების მოთხოვნა ახლა საგანგებო მნიშვნელობისაა, თუმცა ეს თემა “პოლიტიკური სპეკულაციისთვის” არ უნდა გამოიყენონ.

ვოლსკის ვკითხეთ, აპირებს თუ არა საქართველოც, რომ დაჩქარებული წესით მოითხოვოს ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ეს უკვე გააკეთა.

“არის თემები, რომელიც ზედაპირზე სხვანაირად ჩანს. პროცესები მიმდინარეობს და მეტი ინტენსივობით მიდის კონსულტაციები საქართველოს და დასავლელ პარტნიორებს შორის, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მაგრამ ვისაც ეს ეხება, უსაფრთხოებას, როცა ეს ეხება სამხედრო ინტერვენციის საფრთხეებს, რასაკვირველია, ჩვენ უფრო მეტი სიფრთხილე და მეტი კონსპირაცია გვმართებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ამ შემთხვევაში საფრთხეში ევროკავშირის წევრობას მოიაზრებდა თუ არა, ვოლსკიმ გვიპასუხა:

“არა, პირიქით, ეს არის ახლა საგანგებო მნიშვნელობის, მაგრამ ამ სიტუაციაში ნუ მოვწყდებით, ნუ ვცდილობთ, ამ ენერგეტიკის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ვმუშაობთ რა, საკმაოდ სერიოზულად, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ვითარებაში. ჩართულია ყველა სტურქტურა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინული მხარის განცხადებით, ისინი ევროკავშირს მიმართავენ  დაჩქარებული წესით წევრად გახდომის შესახებ.

26 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ინიციატივით გამოვიდა.

„პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის გზას ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინას დაუყოვნებილ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები“, – წერს იგი ტვიტერზე.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ევროკავშირის აღდგენის ფონდზე.

„უკრაინა იმსახურებს ამას“, – წერს პრეზიდენტი.

საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ტრიოს წევრია. ტრიოს წევრი ქვეყნები მიზნად ისახავენ ევროკავშირში გაწევრიანებას.

საქართველოს მთავრობის დეკლარირებული პოზიციაა, რომ EU-ში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი