ახალი ამბები

Роскомнадзор კრიტიკულ მედიას „ყალბი ამბების“ გავრცელებაში ადანაშაულებს და ემუქრება

26 თებერვალი, 2022 • 761
Роскомнадзор კრიტიკულ მედიას „ყალბი ამბების“ გავრცელებაში ადანაშაულებს და ემუქრება

რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახური“, Роскомнадзор  რუსულ ანტისამთავრობო მედიასაშუალებებს „ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“ ადანაშაულებს და ემუქრება, თუკი ინფორმაციას არ წაშლიან, მათზე წვდომას შეზღუდავს.

26 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში უწყება წერს, რომ „გამოვლინდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები“ 10 მედიასაშუალებაში.

„ამ რესურსებზე, სანდო ინფორმაციის საფარქვეშ, ცრუ ინფორმაციები გავრცელდა რუსული არმიის მოქმედებების შედეგად უკრაინის ქალაქების დაბომბვისა და უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ, ასევე მასალები, რომელშიც მიმდინარე ოპერაცია მოხსენიებულია, როგორც „თავდასხმა“, „შეჭრა“ ან „ომის გამოცხადება“, – წერს უწყება.

Роскомнадзор მედიებს ემუქრება, რომ „აღნიშნული ყალბი ინფორმაციის წაუშლელობის შემთხვევაში, ამ რესურსებზე წვდომა შეიზღუდება“.

ამასთან, უწყება მიუთითებს, რომ ჯარიმების რაოდენობა „აღნიშნულ ქმედებებზე“ 5 მლნ რუბლს აღწევს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სანდო და უახლეს ინფორმაციას ფლობენ რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო წყაროები“, – წერს რუსეთის კომუნიკაციების რეგულატორი.

უწყების მიერ ჩამოთვლილი მედიასაშუალებებია:

  • Эхо Москвы,
  • ИноСМИ
  • Медиазона
  • New Times
  • Дождь
  • Свободная Пресса
  • Крым.Реалии
  • Новая Газета
  • Журналист
  • Лениздат

ამასთან, რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის“, Роскомнадзор-ის ცნობით, 25 თებერვლიდან რუსეთში ფეისბუკზე წვდომა შეიზღუდა.

რუსული მედიასაშუალება РИА Новости წერს, რომ Роскомнадзор-ის თანახმად, „25 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სოციალური ქსელი ფეისბუკი მიიჩნია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევად“.

გამოცემა ირწმუნება, რომ წინა დღეს ფეისბუკმა „უმიზეზოდ დააწესა შეზღუდვები РИА Новости-ს“ გვერდზე.

რუსული სამთავრობო და პროსამთავრობო მედიასაშუალებები რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ გზავნილებს კრიტიკის გარეშე ავრცელებენ უკრაინასთან დაკავშირებით. ამასთან, ისინი არ ახსენებენ სიტყვა „ომს“ და უკრაინაში შეჭრას მოიხსენიებენ, როგორც „სპეცოპერაციას“. ამ ტრენდს მხოლოდ რამდენიმე რუსული გამოცემა/მედია არ მისდევს.

26 თებერვალს კი ფეისბუკმა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს საკუთარ პლატფორმებზე რეკლამების განთავსება აუკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი